მიმდინარე წლის ივლისის თვეში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი დაფიქსირდა და 30% შეადგინა, - საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებული ტენდენციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ შეაფასა. მისი ინფორმაციით, ასევე რეკორდულია ექსპორტის მოცულობა, რომელმაც ივლისში 682 მლნ. აშშ. დოლარს გადააჭარბა.
მინისტრის მოადგილემ ასე საქსტატის მონაცემები შეაფასა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველ შვიდ თვეში ექსპორტი შემცირდა 1.4%-ით, იმპორტი კი, 2.9%-ით გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია.
„ყოველივე ზემოაღნიშნული, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში გრძელდება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც შესაბამისად აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ასევე თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაში“ - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ არსებული, პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად ქვეყანაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და წარმოების ხელშეწყობაზე, ხოლო მეორეს მხრივ საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და აღნიშნული პროცესი წარმატებით გრძელდება“, - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.