მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაა - "გეზრული ჩაი"

626852f9e3902
ალა ისპირიანი
01.05.22 23:10
1447
„გეზრული ჩაის“ დირექტორის თორნიკე შეყილაძის განცხადებით, ქვეყანაში პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა დგას.

Bm.ge-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ასოციაცია არსებობს, რომელიც ფერმერებს ჩაის რეალიზაციაში ხელს უნდა უწყობდეს, თუმცა რეალობა სხვაა.

„როცა ჩაიზე ვსაუბრობთ, უნდა დაკონკრეტდეს რა სახეობაზეა საუბარი. ჩვენ უმაღლესი ხარისხის ბიო ჩაის ვაწარმოებთ და უფრო ორიენტირებული ვართ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. მაგალითად, 1 ჰექტარზე შეიძლება უმაღლესი ხარიხის ჩაი 500 კილო მოიკრიფოს და ასევე იგივე ფართობზე 5 ტონა მესამე ხარისხის ჩაი მოვიდეს. ჩვენ 7 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული პლანტაციები და ძირითადი ხაზი თეთრი ჩაის წარმოებაა, თუმცა გვაქვს შავი და მწვანე ჩაიც. ბევრი ასოციაციაა შექმნილი საქართველოში ჩაის რეალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით, თუმცა მათი ქმედუნარიანობა და შედეგებია მნიშვნელოვანი.

ჩვენ საექსპორტო ბაზრებზე ვართ ორიენტირებული და ადგილობრივ ბაზარზე ჩაის რეალიზაცია არ ხდება. ვისურვებდი, რომ პლატფორმა შეიქმნას, სადაც სხვადასხვა სახეობის ჩაი იქნება წარმოდგენილი და საექსპორტო ბაზრის გაფართოების მიმართულებით რეალურად იმუშავებს, ანუ ფერმერებისთვის შუამავალი რგოლი იქნება უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც ქართული ჩაის ყიდვით იქნებიან დაინტერესებულები“, - განაცხადა თორნიკე შეყილაძემ.

როგორც ფერმერი აღნიშნავს, პრობლემაა მუშახელიც, რადგან რთულია ჩაის პლანტაციებში მუშაობის მსურველთა მოძებნა.

"ყოველ სეზონზე თითქმის მუშახელის მოძებნის პრობლემა გვაქვს. არავის არ უნდა პლანტაციებში მუშაობა. ჩვენ სეზონზე 10 ადამიანამდე ვასაქმებთ და 50 ლარამდეა მათი დღიური ანაზღაურება, ეს მცირე თანხა არ არის, რომ უარი თქვან სამუშაოზე, მაგრამ არ უნდათ. ჯერჯერობით ვერ ამოვხსენით რითაა ეს გამოწვეული", - აღნიშნავს იგი. 

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, როგორც ფერმერი ამბობს, "გეზრული ჩაი" ძირითადად ევროპის ქვეყნებში გადის: წარმოება იმერეთის რაიონის სოფელ გეზრულში ხდება. ექსპორტზე 200 კილო ჩაი გაგვაქვს და საექსპორტო ქვეყნები ჩეხეთი, შვეიცარია, ამერიკა და პოლონეთია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები