მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, რომელთაც ყველაზე გრძელი სარკინიგზო ხაზები აქვთ და უსწრაფესი მატარებლები ჰყავთ

ჩქაროსნული

ჩქაროსნული რკინიგზის განვითარებამ სატრანსპორტო ლანდშაფტი არსებითად შეცვალა და ავიაციის ალტერნატივა გააჩინა. სწრაფი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც უწყობს ხელს, ამცირებს მგზავრობის დროს და მოგზაურებს ტრანსპორტირების უფრო მწვანე საშუალებას სთავაზობს.

ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლების კონკურენტუნარიანობა ფასის ნაწილშიც იზრდება: ევროპის მასშტაბით სარკინიგზო კომპანიები უფრო და უფრო აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს ბიუჯეტურ მარშრუტებს, სხვადასხვა ქვეყანა კი სწრაფი რკინიგზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აშენებას პრიორიტეტთა ნუსხაში მოწინავე პოზიციაზე აყენებს.

მსოფლიოს მასშტაბით ამ წუთებშიც არაერთი პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც ტრანსპორტის ამ სახეობის განვითარებას ისახავს მიზნად. მეტიც, გასული წლის 10 ყველაზე ძვირად ღირებული სარკინიგზო პროექტიდან ნახევარი სწორედ ჩქაროსნული მატარებლების განვითარებას ემსახურებოდა. ამასთან, ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, როგორიცაა, მაგალითად, მაგნიტური ლევიტაცია, აჩენს პროგნოზს, რომ სამომავლოდ მატარებლები კიდევ უფრო მაღალ სიჩქარეს განავითარებენ და უფრო მეტ მგზავრს მოემსახურებიან მსოფლიოს მასშტაბით.

მანამდე კი, მსოფლიოს უსწრაფესი სამგზავრო მატარებლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

მეხუთე ადგილს ფრანგული ჩქაროსნული მატარებელი იკავებს, ცნობილი სახელწოდებით TGV. აღნიშნული მატარებელი ევროპის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ლანდშაფტზე პიონერია და გამოშვების შემდეგ განვითარებული სიჩქარით ევროპის არაერთი რეკორდი მოხსნა. TGV-ის განახლებულმა მოდელმა, POS - 2007 წელს ბოლო რეკორდი დაამყარა 574.8 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. TGV-ის მატარებლებს ფრანგული SNCF მართავს, მათი საშუალო სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.

მეოთხე ადგილზეა გერმანული Intercity-Express 3, იგივე ICE-ია, რომლითაც ძირითადად ორი სარკინიგზო კომპანია, გერმანული “დოიჩე ბანი” და ჰოლანდიური “ნიდერლანდს სპურვიგენი” ოპერირებენ. Intercity Express-ის მოდელებს შორის, ყველაზე სწრაფები, ICE 403 და 406, მაქსიმალურ სიჩქარეს, 368 კმ/სთ-ს ავითარებენ. მატარებელი ევროპის მიღმა რუსეთში, თურქეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეშიც გამოიყენება.

მესამე ადგილს ჩინური Fuxing-ი იკავებს, რომელიც “ჩინეთის სარკინიგზო კორპორაციამ” ჩქაროსნული მატარებლების სერიად შექმნა. “ფაქსინგის” მატარებლები საშუალოდ 350 კმ/სთ-ს ავითარებენ, თუმცა ტრანსპორტი არაერთხელ გატესტილა 420 კმ/სთ სიჩქარეზეც. “ფაქსინგი” ჩინეთის სრულად ადგილობრივი წარმოებაა. 8-ვაგონიან მატარებელს 500-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და აქტიურად მოძრაობს პეკინი-შანხაის მარშრუტზე.

მორიგი ჩინური მატარებელი, სახელწოდებით Harmony, რეიტინგში მეორე პოზიციაზეა. “ჰარმონია”, იგივე Hexie, იმავე სიჩქარით ოპერირებს, რითაც “ფაქსინგი”, თუმცა სხვადასხვა ტესტირების დროს ამ სერიის მოდელებმა გაცილებით მაღალი შედეგი - 486 კმ/სთ დააფიქსირეს. ჩინეთში ამჟამად 85 “ჰარმონია” ოპერირებს, რომელთა მართვაც ორ კომპანიაზე - შანხაისა და ჩენგდუს რკინიგზებზეა განაწილებული.

მსოფლიოს უსწრაფესი სამგზავრო მატარებელი ჩინურ-გერმანული წარმოებისაა - Shanghai Maglev-ის მაქსიმალური საოპერაციო სიჩქარე 460 კმ/სთ-ია, რეკორდული კი - 501 კმ/სთ. Shanghai Maglev-ი ტრადიციული ჩქაროსნული მოდელი არ არის. მატარებელი ელექტრომაგნიტური ძალით რელსებზე ლევიტირებს. შესაბამისად, მცირდება ხახუნის ძალა, რაც სწრაფ და მაქსიმალურად ჩუმ მგზავრობას უზრუნველყოფს.

“შანხაი მაგლევს” “შანხაის მაგნიტური ლევიტიაციის ტრანსპორტის განვითარების კომპანია” ფლობს და განაგებს. კომერციული ოპერირება მატარებელმა 2004 წელს, 30 კმ-იან სარკინიგზო ხაზზე დაიწყო და ჩქაროსნული რკინიგზის ინდუსტრია მთლიანად ამოაყირავა. მატარებელს 30 კმ-ის დაფარვა, საშუალოდ, 8 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მაგლევით ქალაქის ცენტრში არ სარგებლობენ, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის ის ბაზარზე არსებულ მოდელებს შორის, ყველაზე ეფექტურია.

საქმე ისაა, რომ გამართული სარკინიგზო მომსახურებისთვის მხოლოდ ჩქაროსნული მატარებლები საკმარისი არაა, თუ განვითარების ამ ტემპს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ვერ დაეწია. ზოგიერთ ქვეყნის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი გაცილებით უფრო გამართულია, ვიდრე სხვების. მაგალითად, თუ დანიაში სწრაფმავალი სარკინიგზო ქსელის სიგრძე სულ რაღაც 56 კილომეტრია, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ის ათას კილომეტრს აღემატება, ჩინეთში კი - რამდენიმე ათეულ ათასს.

რკინიგზის საერთაშორისო კავშირის ბოლო მონაცემების თანახმად, TOP 5 ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე გრძელი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელია გაყვანილი, მეხუთე ადგილს გერმანია იკავებს. ჩქაროსნული რკინიგზის ხაზის სიგრძე აქ 1571 კილომეტრია. ამ შედეგის მისაღწევად გერმანიამ წლების განმავლობაში განაახლა არსებული სარკინიგზო ხაზები და ააშენა ახლები - თითოეულზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღემატება. რამდენიმე პროექტის მშენებლობა გერმანიაში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეოთხე ადგილს 2735 კმ-იანი ქსელით საფრანგეთი იკავებს, სადაც ჩქაროსნული რკინიგზის ხაზი პირველად 1981 წელს გაიხსნა და პარიზი ლიონთან დააკავშირა. ისევე როგორც გერმანიაში, საფრანგეთში ახალი ხაზების მშენებლობა უკვე დაწყებული ან დაგეგმილია.

იაპონია, რომლის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის სიგრძეც 3081 კილომეტრია, რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. სწრაფმავალი რკინიგზის მიზანი იაპონიაში თავდაპირველად შორეული რეგიონების ტოკიოსთან დაკავშირება იყო, რასაც ამ რეგიონების ეკონომიკური ზრდისთვის უნდა შეეწყო ხელი. დღესდღეობით, ტოკიოს, ნაგიოსა და ოსაკას დამაკავშირებელი ჩქაროსნული ხაზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულ სარკინიგზო მარშრუტად ითვლება.

მეორე პოზიციაზე კვლავ ევროპული ქვეყანა, ესპანეთი ხვდება, სადაც ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი 3661 კილომეტრია. სარკინიგზო ქსელი ქვეყანაში პირველად 1992 წელს გაიხსნა და ის მადრიდს, სევილესა და კორდობას აკავშირებდა ერთმანეთთან. ამჟამად ესპანეთის ჩქაროსნული ხაზი ევროპაში ყველაზე გრძელია, დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღემატება.

ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელების უპირობო ლიდერი, რა თქმა უნდა, ჩინეთია, სადაც რკინიგზის ხაზი 40 474 კილომეტრს აღწევს. მსოფლიოში მოქმედი ჩქაროსნული ხაზების ⅔ სწორედ ჩინეთშია აშენებული, რომლის ძირითადი ნაწილიც ახალი აშენებული და თანამედროვეა. ჩქაროსნულ მატარებლებს ჩინეთის ქსელში 250-დან 350 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები