ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომის გასაუქმებლად კანონი მიიღო, თუმცა ის პირველი არ არის, ვინც მსგავსი რამ სცადა და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება.
2024 წლის ნოემბერში ავსტრალიის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის ხელმძღვანელობით, წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 16 წლამდე პირებს სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომას უკრძალავს. შეუსაბამობის შემთხვევაში, სოციალური მედიის კომპანიები 50 მილიონამდე ავსტრალიური დოლარით (3.28 მილიონი აშშ დოლარი) დაჯარიმდებიან. კანონი ძალაში 10 დეკემბრიდან შედის.
მაგალითად, 2023 წლის 29 ივნისს საფრანგეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებს ავალდებულებს, გადაამოწმონ მომხმარებლის ასაკი და 15 წლამდე პირებისთვის მშობლის თანხმობა მოიპოვონ. ეს საფრანგეთის მთავრობის გეგმის ნაწილი იყო, რათა შეემცირებინათ ბავშვების ეკრანთან გატარებული დრო და დაეცვათ ისინი კიბერბულინგისა და სხვა დანაშაულებისგან.
ავსტრალიის მსგავსად, კანონის დარღვევის შემთხვევაში, საფრანგეთიც ფინანსურად დააჯარიმებს სოციალური მედიის კომპანიებს. ჯარიმა კომპანიის გლობალური შემოსავლების 1%-მდე ოდენობის იქნება.
2025 წლის 10 ივნისს, 14 წლის მოსწავლის მიერ სკოლის 31 წლის თანამშრომლის დაჭრის ფაქტის შემდეგ, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში 15 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის სრულად აკრძალვისაც დაწესებას განიხილავს.
ქვეყნები, სადაც არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა ან შეზღუდვა განიხილება:
ესპანეთი
2024 წლის 4 ივნისს ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც, სოციალური მედიის ანგარიშების ფლობისთვის საჭირო თანხმობის ასაკი 14-დან 16 წლამდე გაიზრდება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პატიმრობას მათთვის, ვინც "დიპფეიკების" (ხელოვნური ინტელექტით რედაქტირებული ან გენერირებული სურათები, ვიდეოები ან აუდიო) შექმნაშია ჩართული, და 18 წლამდე პირებისთვის ისეთ თამაშებზე წვდომის აკრძალვას, რომლებიც შეიცავს ე.წ. ლუთბოქსებს (loot boxes) - იგივე საიდუმლო პრიზებს. დოკუმენტი ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა.
ნორვეგია
ესპანეთის კვალდაკვალ, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ნორვეგია აქტიურად მუშაობდა სოციალური მედიის ანგარიშების შექმნის დროს მშობლებისგან სავალდებულო თანხმობის მიმღებთა ასაკის 13-დან 15 წლამდე გაზრდაზე.
ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ნორვეგიის მედიის სააგენტოს კვლევის თანახმად, რომელიც აჩვენებს, რომ 9 წლის ბავშვების ნახევარზე მეტი, 10 წლის ბავშვების 58% და 11 წლის ბავშვების 72% სოციალურ მედიას იყენებენ.
იტალია
იტალიამ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო კანონი, რომელიც ადგენს, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს სოციალურ მედიაში დასარეგისტრირებლად მშობლის თანხმობა სჭირდებათ.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეა ბავშვებისთვის სოციალურ მედიას სრულად არ კრძალავს, თუმცა აწესებს საკლასო ოთახებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების გამოყენების საყოველთაო აკრძალვას.
ეს კანონი ძალაში მომდევნო სასწავლო წლიდან, 2026 წლის მარტიდან შევა. ახალი კანონი მიზნად ისახავს სმარტფონებზე დამოკიდებულებისა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ განვითარებაზე მისი უარყოფითი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას.
დანია
იმ ქვეყნების სიას, სადაც ბავშვებისთვის სოციალური მედია იკრძალება, მალე დანიაც შეუერთდება. მთავრობამ წინადადება 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვის შესახებ უკვე წარადგინა. ახალი კანონმდებლობა მშობლებს საშუალებას მისცემთ, სპეციალური შეფასების შემდეგ, 13 და 14 წლის შვილებს წვდომის უფლება მისცენ.
მალაიზია
მალაიზია მომავალი წლიდან 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას აპირებს. მალაიზიის კომუნიკაციების მინისტრმა ფამი ფადზილმა განაცხადა, რომ მთავრობა გადახედავს მექანიზმებს, რომლებსაც ავსტრალია და სხვა ქვეყნები სოციალურ ქსელებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებისთვის იყენებენ. როგორც მან აღნიშნა, მიზანი ახალგაზრდობის დაცვაა ისეთი ონლაინ საფრთხეებისგან, როგორებიცაა კიბერბულინგი, ფინანსური თაღლითობა და სექსუალური შევიწროება.
ევროკავშირი
ამჟამად, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის თანახმად, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დააწესონ მინიმალური ასაკი, როდესაც მომხმარებელს შეუძლია, სოციალურ პლატფორმას მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა მისცეს, იმ პირობით, რომ ეს ასაკი 13 წელზე მეტი იქნება. თუმცა, არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება მაინც შესაძლებელია, თუ თანხმობას მშობლები გასცემენ.
რამდენიმე ქვეყანამ ეს ზღვარი მინიმალურ ასაკზე, 13 წელზე დააწესა. შესაბამისად, 13+ წლის მოზარდებს ბელგიაში, დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, ლატვიაში, მალტაში, პორტუგალიასა და შვედეთში შეუძლიათ, პლატფორმებს მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა მშობლის ნებართვის გარეშე მისცენ.
2025 წლის მაისში, საფრანგეთმა და ესპანეთმა წამოიწყეს ერთობლივი ინიციატივა, რათა მთელი ევროკავშირის მასშტაბით 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სოციალურ ქსელებს წვდომა სრულად აიკრძალოს.
ნოემბრის ბოლოს კი ბლოკმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკის 16 წლით განსაზღვრას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების მიზანია "ასაკის შესაბამისი ონლაინ ჩართულობის" უზრუნველყოფა და მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდის შემცირება, რომელიც ჭარბი ონლაინ აქტივობის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.
რეზოლუციის თანახმად, სოციალური მედია, ვიდეოგაზიარების პლატფორმები და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები 13–16 წლის მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დაშვებული. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს ასაკის შესაბამისი შინაარსის დიზაინის მოთხოვნების შესახებ კანონმდებლობის შემოღებას.




























