არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ხელფასები ქვეყნებს შორის განსხვავდება: ამ სხვაობას როგორც ქვეყნების ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების ღირებულება, შრომის კანონმდებლობა და სხვა არაერთი ფაქტორი განაპირობებს. სწორედ ამ სხვადასხვაობას მიეწერება ის ფაქტიც, რომ მთელ მსოფლიოში შემოსავლის ზოგადი დონის შეფასება საკმაოდ რთულია.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ეკონომისტები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ინდექსებს იყენებენ. ეს არის სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ღირებულებებში გათვალისწინებულია განსხვავებები ქვეყნებს შორის ცხოვრების ღირებულებასა და ინფლაციაში.
PPP გაზომვები იყენებს საერთაშორისო დოლარს, რომელსაც შეუძლია შეიძინოს იგივე რაოდენობის საქონელი ნებისმიერ მოცემულ ქვეყანაში, როგორც აშშ დოლარს შეუძლია შეიძინოს ამერიკაში.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ინდექსით რომ გავზომოთ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი წლიური საშუალო ხელფასი ლუქსემბურგში, აშშ-სა და შვეიცარიაშია, შესაბამისად 78 300, 77 400 და 73 000 დოლარის მოცულობით.
სამივე ეს ქვეყანა არის მაღალგანვითარებული ეკონომიკა, სერვისების მძლავრი და გამართული სექტორებით, რაც, როგორც წესი, უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის საწინდარია. ამ ქვეყნებში ცხოვრების ღირებულებაც შედარებით მაღალია, რაც მოითხოვს უფრო მაღალ ხელფასს ცხოვრების სტანდარტული ხარისხის შესანარჩუნებლად.
ყველაზე მაღალი წლიური ანაზღაურებით მეოთხე და მეხუთე ადგილებს ბელგია და დანია იკავებს. ორი ქვეყნის შემთხვევაში ანაზღაურების მოცემულობა საშუალოდ 64 000 დოლარს აჭარბებს.
რეიტინგის ათეულში დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:
ავსტრია - 63,802 დოლარი;
ნიდერლანდები - 63,225 დოლარი;
ავსტრალიას - 59,408 დოლარი;
კანადა - 59,050 დოლარი;
გერმანია - 58,940 დოლარი
PPP გაზომვით საშუალო წლიური ხელფასის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი მექსიკასა და საბერძნეთში ფიქსირდება. მექსიკის შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების დიდი წილი დაბალანაზღაურებადია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და წარმოების სექტორში, საშუალო წლიური ანაზღაურება ამ ქვეყანაში მხოლოდ 16,685 დოლარით განისაზღვრება.
ხოლო საბერძნეთის შემთხვევაში, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. შრომის სიჭარბე კი თავის მხრივ ხელფასებზე დაღმავალ ზეწოლას ახდენს. საბერძნეთში წლიური საშუალო ხელფასი 25,979 დოლარია.