2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას შეფასებით, „რუსული კანონის“ მიღების გამო, ხელისუფლების წევრების სანქცირება ნეგატიურად აისახება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაზე და შესაბამისად, მოქალაქეებზე.
„ქვეყნებში, სადაც მთავრობა სანქცირებულია, სამომხმარებლო სესხის პროცენტი, საშუალოდ, 8-10%-ით იზრდება“, - თქვა ვერა ქობალიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო შეზღუდვების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობების პირებს სხვა ქვეყნებიც დაასანქცირებენ.
„მოლდოვის მაგალითი რომ ავიღოთ, როცა აშშ სანქციებს აცხადებს, მას ევროკავშირი და ბრიტანეთიც მიჰყვება. შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამერიკულ სანქციებს მოჰყვება გაგრძელება და ასევე, არაა გამორიცხული, გარდა სავიზო შეზღუდვებისა, პოლიტიკურ ფიგურებს დაუწესდეს ფინანსური სანქციები და ასევე, სანქციები - აქტივებზეც“, - თქვა ვერა ქობალიამ და დასძინა, რომ პოლიტიკოსების სანქცირებას, სამწუხაროდ, ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნესსა და მოქალაქეებზე.
„მაგალითად, თუ კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირებას და ან მისი აქციების ყიდვას ვაპირებთ და გავიგებთ, რომ მისი მფლობელი/ხელმძღვანელი სანქცირებულია, სავარაუდოდ, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ანალოგიურად, თუ ქვეყნის ხელისუფლება სანქცირებულია, ეს ნეგატიური სიგნალი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის. პირველ რიგში, საფინანსო სექტორს/ბანკებს გაუჭირდებათ და გაუძვრიდებათ ფინანსური რესურსი მოზიდვა, რაც საბოლოო ჯამში, სესხის პროცენტზე აისახება. იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობა სანქცირებულია, სესხის პროცენტი, საშუალოდ, 8-10%-ით იზრდება“, - თქვა ვერა ქობალიამ.
"ჩინურ CCCC-თან ანაკლიის აშენებაზე ხელშეკრულება არ უნდა გაფორმდეს" – ინტერვიუ ვერა ქობალიასთან