„10 წელი საქართველოში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დაწყებიდან“ - ამ სახელწოდებით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართულ შეხვედრაზე სფეროს სპეციალისტებმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პროგრამის ათწლიანი გამოცდილება შეაჯამეს.
უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა "ქართული ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისი განცხადებით, პროგრამის როგორც დასაწყისში, ისე შემდგომ განვითარებაში სახელმწიფოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.
დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ მნიშვნელოვან სამომავლო მიზანს ქვეყნისთვის WMDA – მსოფლიოს ღეროვანი უჯრედების დონორთა რეგისტრში გაწევრიანება წარმოადგენს. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი რეგისტრის შექმნა საქართველოში
განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს იმ პაციენტებს, ვისაც ნათესაური დონორი არ ჰყავთ და სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა უცხოეთში უწევთ.




























