პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკვე კანონს მიღმაა. ხელისუფლება, უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციას და უმაღლესი კანონით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ კურსს - ამის შესახებ გალერეა Project Artbeat-ის თანადამფუძნებელი და ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ნათია ბუკია bm.ge-სთან საუბრობს.
გუშინ, ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით მეორე განცხადება გაავრცელეს.
ნათია ბუკია ამბობს, რომ ახლა, ყოველი ადამიანის აზრის დაფიქსირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ეს ჩვენი უკვე მეორე განცხადებაა. დგება ისეთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტები, როცა ყველამ უნდა დააფიქსიროს აზრი და ეს სწორედ ის მომენტია. ამ ბოლო დღეებმა ეს საჭიროება კარგად აჩვენა და ადამიანები ორგანიზდებიან ხმის გასაძლიერებლად, მკაფიოდ რომ ჟღერდეს. ამ იდეით გავერთიანდით ჩვენც, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ბევრნი ვართ.
ახლა, ყოველი ადამიანის აზრის დაფიქსირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საფრთხის ქვეშ არის კონსტიტუცია და ის არჩეული ევროინტეგრაციის კურსი, რომელიც განსაზღვრულია. ახლა, ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეულ კურსს ემუქრება საფრთხე და ამიტომ უნდა ამოიღოს ყველამ ხმა, უნდა დააფიქსიროს აზრი.
საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ქვეყნისთვის არჩეულ კურსს. ჩემი აზრით, კონსტიტუციურ კურსს ხელისუფლება მხოლოდ კანონის ჩაგდებით ვეღარ დაუბრუნდება, ისეთი განცხადებები გააკეთეს და ისეთი ნაბიჯები გადადგეს. პირდაპირ წარმოაჩინეს აშშ და ევროკავშირი როგორც არამეგობრული ძალები, არ შეხვდნენ პარტნიორებს, არ მივიდნენ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. თქვეს, რომ მეგობარი ქვეყნები საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ქვეყანაში არ შემოვუშვათ. ამ ყველაფერს ცხადია, მხოლოდ კანონის ჩაგდება ვერ უშველის. კანონი, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესი იქამდე მივიდა, რომ არასაკმარისი იქნება მისი გაწვევა. ეს პირადად ჩემი აზრია, რომ ეს ყველაფერი ახლა კანონს მიღმაა", - განუცხადა ნათია ბუკიამ bm.ge-ის.
დღეს, იურიდიულმა კომიტეტმა "რუსული კანონი" მესამე მოსმენით 67 წამში მიიღო. "ქართული ოცნების" ანონსით კი, ხვალ კანონს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.