ფასწარმოქმნის ჯაჭვის კვლევის ფარგლებში, მსხვილ დისტრიბუტორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, "ფასების საპარლამენტო კომისიის" ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა ჟურნალისტებთან სექტორში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მსხვილი მოთამაშეების პოზიცია ე.წ. „ქეშბექებთან“ დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება მცირე ბიზნესის ხედვისგან.
ბერეკაშვილის თქმით, კვლევის მიზანია ჯაჭვის სამივე საფეხურის შესწავლა, რათა გამოიყოს ის რეალური პრობლემები, რომლებიც ფასზე ახდენს გავლენას.
„თუ წინა პერიოდში გვესმოდა, რომ ქეშბექები არის პრობლემა, დღეს თქვეს, რომ ქეშბექები რომ გაუქმდეს, შეიძლება რაღაც გაყიდვები შემცირდესო. დღეს არავინ ამბობს, რომ ქეშბექები არის პრობლემა,“ - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
მისი განმარტებით, მსხვილი დისტრიბუტორებისთვის ეს სისტემა ბაზარზე დამკვიდრების საშუალებაა.
„ამ დიდი ქსელების პოზიცია არის, რომ მათთვის ეს ქეშბექი არის მარკეტინგული და გაყიდვების ინსტრუმენტი. საერთო ჯამში, იმ ქეშბექს, რასაც სთავაზობს სავაჭრო ქსელს, სავაჭრო ქსელი შემდეგ იყენებს ფასდაკლებების საწარმოებლად. მათთვის ეს პრობლემა იმდენად მწვავე არ არის, პირიქით — არის საშუალება, რომ რაც შეიძლება ახალი პროდუქტი შემოიტანონ ბაზარზე და უფრო აგრესიულ მარკეტინგს ეწევიან", - განაცხადა დეპუტატმა.
ბერეკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადახდის პერიოდსა და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ტვირთზე, რომელიც საბოლოო ფასში აისახება.
„გადახდის პერიოდი ზოგან 70 დღეა, ზოგან 90 და ჩემი ანალიზით, 100 დღეც. როდესაც დიდი ბრუნვა გაქვს და 90 დღეში ერთხელ გიხდიან, ეს ნიშნავს, რომ შენი ბრუნვის დაახლოებით მეექვსედი შენ თვითონ უნდა დააფინანსო. ეს დაფინანსება ძვირი უჯდებათ, ბანკის სესხები 14-15%-იც შეიძლება იყოს. ეს აწვება თვითღირებულებას და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს იყო. თუ მოვახერხეთ გადახდის პერიოდის შეკუმშვა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ხარჯები შემცირდება და ეს აისახება საბოლოო ფასის კლებაზე.“
ბერეკაშვილის თქმით, ბაზარზე არსებული ასიმეტრია მსხვილი დისტრიბუტორების შემთხვევაში ნაკლებად თვალსაჩინოა, ვიდრე მცირე მომწოდებლებთან:
„საშუალო და მცირე კომპანიებისთვის იქნებოდა ეს მწარმოებელი თუ იმპორტიორი. მათი მოლაპარაკების ძალა ნაკლები იყო ქსელებთან ურთიერთობაში. დღევანდელ შეხვედრაში აღმოჩნდა, რომ ამ დიდებს უფრო მეტი მოლაპარაკების ძალა აქვთ და ასიმეტრია ისე დარღვეული არ არის, თუმცა უპირატესობა მაინც ქსელებს აქვს.“
მომავალ კვირაში სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს უკვე სავაჭრო ქსელებთან გამართავს, რომლებსაც ორ ნაწილად, საშუალო და დიდი მოცულობის ქსელებად დაყოფენ.




























