მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა აფერხებს ანაკლიის პროექტზე ჩინურ კონსორციუმთან ხელმოწერას? - თინა ხიდაშელის შეფასება

ანაკლია

"სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ჩინურ კონსორციუმთან გაჭიანურებული ხელმოწერის საკითხს აფასებს.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, პრობლემა ტენდერის იმ პირობამ შექმნა, რომლის თანახმადაც გამარჯვებული სახელმწიფო კომპანია არ უნდა ყოფილიყო.

"რეალურად, სერიოზული პრობლემა აქვთ. ჩინური კომპანია, რომელიც მათი მხრიდან შეირჩა, გარდა იმისა, რომ არის უკიდურესად რეპუტაციაშელახული და კორუფციულ ბრალდებებში დადანაშაულებული სხვადასხვა ქვეყნებში, არის კიდევ ერთი სპეციფიკური პრობლემა, რომელი მთავრობის მიერ წლების წინ გამოცხადებულ ტენდერთან მიმართებით აქვს ამ შერჩევას. მოგეხსენებათ, პირობა რომელიც ტენდერში იყო ჩადებული ისაა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო კომპანია. კონსორციუმი, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს არის მთლიანად ჩინეთის სახელმწიფოს ქვეშ, ოფიციალურად, ყველა დოკუმენტით გახლავთ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია",- აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას აქვს მოლაპარაკებები ახალ კომპანიასთან, რომელიც ჩინურ CCCC-თან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განვითარებას განიხილავს.

თინა ხიდაშელის შეფასებით, ახლა მთავრობა ეძებს კომპანიას, რომელიც კონსორციუმს დაემატება დოკუმენტებზე ფორმალურ ხელის მომწერად და ტენდერის პირობის დარღვევის პრობლემას მოხსნის დღის წესრიგიდან.

მან ასევე ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ ვერ შეძლო მთავრობამ ტენდერის ამ დამაბრკოლებელი პირობის პოსტფაქტუმ შეცვლა.

"ვფიქრობ, მათ მოუვიდათ შეცდომა დასაწყისში. ამას ყურადღება არ მიაქცია ვიღაცამ, რომ ეს რეალურად სახელმწიფო კომპანია იყო. რადგან კონსორციუმი იყო, როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ არ იქნებოდა, მერე აღმოაჩინეს რომ ყველა კომპანია, რომელიც კონსორციუმში შედის სახელმწიფოა. შესაბამისად, იმიტომ რომ ქვეყანაში კანონებს არავინ აღარ უყურებს მათ შეეძლოთ, მას შემდეგ რაც ეს ერთი კონსორციუმი დატოვეს განაცხადში, შეეცვალათ პირობები ან იქ უნდა ვყოფილიყავით, სადაც ვართ. პირობები პოსტფაქტუმ იმიტომ ვერ შეცვალეს, რომ ნებისმიერი კონკურენტი კომპანია ამ საქმეს საერთაშორისო არბიტრაჟში წაიღებდა და ამას მოერიდნენ და გადაწყვიტეს სხვაგვარად მოეგვარებინათ. სხვაგვარი მოგვარება გახლავთ, რომ კონსორციუმს შეუძლია ახალი პარტნიორი დაიმატოს. მე როგორც ვიცი, ხელშეკრულების ხელმოწერის გაწელვის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ, რომ ისინი ეძებენ ახალ კომპანიას, რომელზეც უშუალოდ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და რომელიც არ იქნება ჩინეთის სახელმწიფო კომპანია. მაგრამ ეს არაა მარტივი ამოცანა. ახლა ამ დილემის წინაშე არიან: ან უნდა შეცვალონ პირობები, რაც გამოიწვევს დავებს, ან იპოვონ კომპანია, რომელიც კონსორციუმს დაემატება და ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმება მასთან მოხდება, რომ შემდეგ პრობლემა არ შეიქმნას. დამატებით აქ პრობლემა ისაა, რომ ასეთი ტიპის პროექტების ფული საქართველოს მთავრობას არ აქვს, ის უნდა დაფინანსდეს საერთაშორისო ფულით და აქ უკვე ასე მარტივად კანონის იგნორირება და ყველა ჩანაწერის გადაგდება აღარ მუშაობს",- ამბობს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში, ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) გამოვლინდა. მაშინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. პროექტის მიხედვით, კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

ლევან დავითაშვილმა 24 თებვერვალს განაცხადა, რომ შეთანხმება 2025 წლის გაზაფხულზე, მაქსიმუმ ზაფხულის დაწყებამდე გაფორმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები