“საქართველო ძალიან ეკლექტურია, რაზედაც ჩვენი პორტფელიც მეტყველებს. ის კონტენტი, რომელიც საქართველოში არის ხელმისაწვდომი, სწორედ იმ ინტერესს ეფუძნება, რომელიც ქვეყანაში სპორტის სახეობების მიმართ არსებობს. ბოლო დროს, მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ინტერესი, როგორც Formula 1-ის, ასევე UFC-ისა და კალათბურთის მიმართ. ფეხბურთი ისედაც ცხადია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ხვიჩას ეფექტის” გათვალისწინებით ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა”, - ამის შესახებ Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა, ლევან გვარამიამ TECH INFORM-ში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია ლოკალური გმირების საკითხიც, რომლის ყველაზე კარგ მაგალითად “ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ან UFC-ის ქართველი მებრძოლები გამოდგებიან.
ლევან გვარამიას შეფასებით, Setanta Sports-ს რამდენიმე ტიპის მომხმარებლები ჰყავს, მათ შორის, როგორც სპორტზე შეყვარებული გულშემატკივრები, რომლებიც ერთბაშად რამდენიმე სპორტის სახეობას ადევნებენ თვალს, ასევე ადამიანები, რომელთაც კონკრეტული სპორტის სახეობის, კონკრეტული მატჩისა თუ კონკრეტული ათლეტის ხილვა სურთ. აღნიშნული ტენდენცია, მისი შეფასებით, ჩანს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანაში, სადაც Setanta Sports-ი ოპერირებს.
“ამავე კანონზომიერებებს ვხედავთ სხვა ქვეყნებშიც. აი, ყაზახეთში, მაგალითად, ლოკალური გმირების ხარჯზე, მთავარი კონტენტი - UFC-ია, ფილიპინებში კი, სადაც ახლა შევედით, წამყვანი კონტენტი - NBA-ია. ამ ქვეყანაში 120 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ანუ ბაზარი მართლაც უზარმაზარია, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - დროის სარტყელია. გამომდინარე იქიდან, რომ ვსაუბრობთ სპორტულ ღონისძიებებზე, რომელთა ხილვა ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირ ეთერშია, აუცილებელია ისინი დროის იმ სარტყელში მოექცეს, რომ მაყურებლისთვის მისი ხილვა კომფორტული იყოს. ევროპულ და ევროპასთან ახლოს მყოფ ბაზრებზე, შესაბამისად, მთავარი კონტენტი - ფეხბურთია, მაგრამ ადგილობრივი გმირების ხარჯზე ძალიან პოპულარულია UFC-იც. ამასთან, ფეხს იკიდებს Formula 1-იც”, - ამბობს ლევან გვარამია.