ლეგენდარული კინოკომპანია Warner Brothers Discovery-სთვის ბრძოლა გრძელდება. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის, ლარი ელისონის შვილის კინოკომპანია Paramount Skydance-მა ინვესტორებისთვის წარდგენილი შეთავაზება განაახლა და მათ არამარტო Netflix-თან მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის შესაძლო ხარჯის, $2.8 მილიარდის გასტუმრებას, არამედ 2027 წლიდან, ყოველ კვარტალში დამატებით $650 მილიონის გადახდას ჰპირდება.
აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, Paramount-ი ინვესტორებს არამარტო თითო აქციაზე დაპირებულ $30 დოლარს გადაუხდის, არამედ შერწყმის დასრულებამდე ყოველ კვარტალში $0.25 ცენტსაც ზედ დაუმატებს. ამ ნაბიჯით ელისონის ოჯახის კომპანიას სურს, გაუქროს ინვესტორებს ის შიში, რაც Netflix-თან მოლაპარაკებების ჩაშლას უკავშირდება. კერძოდ, თუ Warner Brothers-ი პროცესს შეწყვეტს და ხელმოწერილ დოკუმენტს გააუქმებს, წინსწრებით დადებული კონტრაქტის ფარგლებში $3 მილიარდამდე თანხის გადახდა მოუწევს. Paramount-ი კი პირობას დებს, რომ ამ თანხასაც გადაიხდის და დააზღვევს იმ ფინანსურ რისკს, რაც Warners-ის ინვესტორებს შეიძლება მოელოდეთ.
შეგახსენებთ, Warner Brothers Discovery-სთვის ბრძოლა Netflix-სა და Paramount-ს შორის გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად ინიციატივა უმსხვილესმა სტრიმინგ პლატფორმამ გააჟღერა და გარიგების თანხად $82.7 მილიარდი დაასახელა, რაც ინვესტორებისთვის თითო აქციაზე $27 დოლარის გადახდას გულისხმობდა, ნაწილობრივ ნაღდი ანგარიშსწორების, ნაწილობრივ კი Netflix-ის აქციების სახით. ის კინოკომპანიის აღმასრულებელმა ბორდმა მოიწონა და ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა ვიდრე საბოლოო ვერდიქტს ინვესტორები გამოიტანდნენ, მოულოდნელად გამოჩნდა ლარი ელისონის შვილის კომპანია Paramount Skydance-ი, რომელმაც თავი აარიდა სამეთვალყურეო საბჭოს და აქციონერებს გაცილებით დიდი მოცულობის ჩეკი შესთავაზა. კერძოდ, $108.4 მილიარდი დოლარი, რაც ითვალისწინებდა თითო აქციაზე $30 დოლარის სრულად, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდას. თანხის გარდა ის, რაც Netflix-ისა და Paramount-ის შემოთავაზებებს განასხვავებს, არის ხედვა WBD-ს განვითარებასთან დაკავშირებით. თუ სტრიმინგ პლატფორმა მხოლოდ კინოინდუსტრიის მიმართულებითაა დაინტერესებული და წამყვანი ამერიკული მედიების, CNN-სა და Discovery-სთვის ცალკეული კომპანიის შექმნას უჭერს მხარს, დეივიდ ელისონის Paramount-ს Warner Brothers Discovery მთლიანად სურს. უფრო მეტ დეტალს შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში გაეცნოთ.



























