მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა (არ) შესრულდა ენერგეტიკის მიმართულებით EU-თან აღებული ვალდებულებების კუთხით?

ელექტროენერგია

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესახებ შეფასება მოამზადა. შეფასება ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის მიწოდებული.

დოკუმენტი მოიცავს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან
შეერთებით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ანგარიშს. ჯამში შეფასებულია ოცზე მეტი აქტივობა. კომიტეტის მიერ მომზადებული შეფასებიდან ჩანს, რომ ენერგეტიკის სექტორში აქტივობების უმრავლესობა შეუსრულებელია.

დოკუმენტის თანახმად, "ნაწილობრივ განხორციელებულია" ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის წესების დამტკიცება, რადგან სემეკი კვალავ საბითუმო ბაზრის წესებზე მუშაობს. ასევე "ნაწილობრივ განხორციელდა" დამგროვებლების შესახებ რეგულაციის შემუშავება. ამ შემთხვევაშიც მარეგულირებელი წესებზე მუშაობს. იგივე სტატუსი აქვს ჯამში 18 მოთხოვნას [სულ 22-დან].

"განხორციელება არ დაწყებულა" სტატუსი აქვს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტს. დოკუმენტში წერია, რომ პროექტის განხორციელებისთვის KfW-გან გამოყოფილია 150 მლნ ევროს სესხი, თუმცა პანდემიის პერიოდში, აღნიშნული სესხიდან 120 მლნ ევრო მთავრობის გადაწყვეტილებით მობილიზებული იყო ქვეყნის ბიუჯეტში.

"ფინანსური სახსრების დეფიციტისა და არსებული დიზაინით გაზსაცავის მშენებლობის პროექტის სიძვირისა და სეისმურობასთან დაკავშირებით აღძრული მაღალი რისკის გამო, შეუძლებელი გახდა თავდაპირველი სახით დაგეგმილი გაზსაცავის პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, კვლავ დღის წესრიგშია საქართველოს ბუნებრივი გაზის დარეზერვების აუცილებლობა მოხმარების სეზონური და ოპერატიული მოთხოვნა-მიწოდების დასაბალანსებლად", - წერია დოკუმენტში.

კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ თქვა, რომ მთავრობა გაზსაცავის მშენებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შედარებით მცირეს თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით.

"ნაწილობრივ განხორციელებულის" სტატუსი აქვს 2008 წლის 17 დეკემბრის ევროკომისიის ერთ-ერთ რეგულაციასთან დაახლოების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებას.

იგივე სტატუსი აქვს ენერგოეფექტურობის ახალი დირექტივის გადმოტანას, რომელიც ანაცვლებს ენერგოეფექტურობის შესახებ დირექტივას.

შეფასებული 22 აქტივობიდან მხოლოდ ერთს აქვს "შესრულების" სტატუსი. ეს ეხება ერთ-ერთ რეგულაციას. კერძოდ, 1994 წლის მაისში ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივასთან „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საბოლოო ვერსიის შემუშავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები