საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ენერგეტიკის ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა მედიის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის 126 მილიონი ევროს დაფინანსება აქვს გამოყოფილი.
კადრი სიმსონის განცხადებით, ამ თანხის ძირითადი ნაწილი გადაცემის სისტემების გაუმჯობესებაზე მიიმართება. ამასთან, ევროკომისარი განმარტავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი მუშაობს ახალი 85 მილიონი ევროს დაფინანსების პაკეტზეც.
“ევროკომისიას უკვე შემუშავებული გვაქვს საქართველოსთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტი. ის დაახლოებით 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 126 მილიონი ევრო არის ენერგეტიკულ სექტორზე, რაც მოიცავს ენერგეტიკული კავშირგაბმულობის გაუმჯობესებას. ასევე დაგეგმილია ახალი 2023 წლის 85 მილიონი ევროს ახალი პაკეტი, რომელიც ასევე ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის გაუმჯობესებასთან,”- განაცხადა კადრი სიმსონმა.
დღეს გაფართოებულ ფორმატში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის დელეგაციას შორის ენერგეტიკის საკითხზე გაიმართა დიალოგი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას როგორც ეკონომიკის მინისტრი, ასევე სემეკ-ის თავმჯდომარე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ევროკავშირის მხრიდან კი დიალოგში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა კადრი სიმსონმა და ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, დაკავშირებადობის განვითარებისა და საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების საკითხების გარშემო. ასევე საუბარი შეეხო მსხვილ, მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე.
„საერთო ენერგეტიკული მომავლის ქვაკუთხედია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის ინოვაციური პროექტი. ეს ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინფრასტრუქტურის განვითარება; ეს არის ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციისა და ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლო. საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან უშუალო დაკავშირებით, ეს კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მრავალფეროვნებას, არამედ იქნება განახლებადი ენერგიის გაცვლის არხი და ჩვენი რეგიონის უფრო გამძლე, მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისარი დღესვე გორის ქარის ელექტროსადგურს დაათვალიერებს.