ის, რასაც საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, მუჰამედ ბინ სალმანი მის ქვეყანაში აშენებს - ფუტურისტული ქალაქი NEOM - შინაარსითა და მასშტაბით დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას ან კუპერტინოში მდებარე Apple Park-ს კი არ ედრება, არამედ პირდაპირ გიზის პირამიდებს, რადგან თუ ქალაქი NEOM-ი მართლაც აშენდა, ეს ნამდვილი სასწაული იქნება.
თავისი არსით, NEOM-ი დიდი ქალაქია, რომელსაც მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ტაბუკის რეგიონში აშენებს. ეს ქალაქი - თუ შეიძლება მას ქალაქი ვუწოდოთ - 26,500 კილომეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსდება, რაც საქართველოს ტერიტორიის მესამედს უდრის. მუჰამედ ბინ სალმანისთვის NEOM-ი სიმბოლოა, რომლითაც საუდის არაბეთის ტრანსფორმაცია იწყება – ნავთობმომპოვებელი გიგანტი მთავარ წიაღისეულზე უარს ამბობს და მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებზე გადადის.
ასეთ მასშტაბებზე რომ მიდგება საქმე, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა - რა ჯდება NEOM-ის აშენება? გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი არ არის დასრულებული, ზუსტი თანხის დასახელება ჭირს, მაგრამ NEOM-ის სავარაუდო ღირებულება $500 მილიარდს შეადგენს - ეს თანხა 17-ჯერ აღემატება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს. NEOM-ი, სხვათა შორის, არ არის ტრადიციული გაგებით ქალაქი, რადგან ის არ წარმოადგენს ერთ სრულ სტრუქტურას - NEOM-ის პროექტის ფარგლებში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება იგეგმება და თითოეული მათგანი, სულ მცირე საპროექტო რენდერებზე, მასშტაბით არაფრით ჩამოუვარდება ეგვიპტის პირამიდებს ან თუნდაც, როდოსის კოლოსს.
NEOM-ის პროექტის ფარგლებში, მუჰამედ ბინ სალმანი მსოფლიოს უდიდესი ნაგებობის აშენებასაც გეგმავს. საუბარია 500 მეტრის სიმაღლის და 120 კილომეტრის სიგრძის შუშის ცათამბჯენზე, რომელიც სათავეს წითელი ზღვის სანაპიროზე იღებს და მთებსა და უდაბნოს კვეთს. ამ პროექტს, The Mirror Line-ი ჰქვია - “მირორი” იმიტომ, რომ შენობას სარკისებრი ფასადი აქვს, ხოლო “ლაინი” იმიტომ, რომ შენობა ხაზის ფორმისაა.
შენობის სხვადასხვა ნაწილს შორის გადაადგილებისთვის, ადამიანები ცათამბჯენის ქვეშ გატარებული ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლებენ, ანუ საუდის არაბეთში იმხელა კორპუსი შენდება, რომლის სადარბაზოებს შორის მატარებელი იმოძრავებს. მოსახლეობის გამოკვების საკითხის მოგვარება კი შენობის კონსტრუქციაში ინტეგრირებული ვერტიკალური ფერმების მეშვეობით იგეგმება.
გადაწყვეტილია The Mirror Line-ში მცხოვრები ადამიანების გართობის საკითხიც: ამისთვის, საუდის არაბეთის ხელისუფლება სამასი მეტრის სიმაღლეზე საფეხბურთო სტადიონის აშენებას, ხოლო შენობის ქვეშ – იახტების სადგომის მოწყობას გეგმავს.
The Mirror Line-ის გარდა, NEOM-ში კიდევ ორი განსაკუთრებულად ექსტრავაგანტური პროექტის შესრულება იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი OXAGON-ად წოდებული ინდუსტრიული ზონაა, რომლის მთავარი არსი - ისეთი სივრცის შექმნაა, რომელშიც ქვაკუთხედი მდგრადობა იქნება, ანუ OXAGON-ი მაღალტექნოლოგიური ადგილი იქნება, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ელექტომობილები ივლიან. ამ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე და, გარკვეულწილად, ზღვაში განთავსდება, პორტი, ლოგისტიკური ცენტრი და საწარმოები მოეწყობა, ანუ ყველაფერი ერთად იქნება, ხოლო OXAGON-ი იმ ადგილად ჩამოყალიბდება, რომელსაც, როგორც წესი, ლოგისტიკურ ჰაბს ვუწოდებთ.
ბიზნესის განვითარების გარდა, მუჰამედ ბინ სალმანი NEOM-ში საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდუსტრიის განვითარებასაც გეგმავს, მაგრამ არატრადიციულად. საუდის არაბეთის პრინცმა თერთმეტი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის შექმნა გადაწყვიტა. არქიპელაგი, ისევე, როგორც კუნძულები - ხელოვნურად მოეწყობა. თან თითოეული მათგანი განსხვავებული იქნება, როგორც შინაარსობრივად, ასევე იქ არსებული ხასიათითა და კლიმატით. ამ კუნძულებზე შეხვდებით, როგორც იახტკლუბებს, ასევე კორალურ რიფებს, მუზეუმებს და საფარისაც კი.
საიდან დაფინანსდება ქალაქის მშენებლობა?
ინვესტიციის ერთი ნაწილი საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდზე მოდის, რომელიც $776 მილიარდის აქტივებს ფლობს. იქვე არის მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია Saudi Aramco, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $2 ტრილიონს აღემატება. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, მედიაში დაიწერა ისიც, რომ, შესაძლოა, ქალაქი NEOM-ი საჯარო კომპანია გახდეს, ხოლო მისი აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდეს, რაც მუჰამედ ბინ სალმანს და კომპანიას დამატებითი კაპიტალის მოძიების საშუალებას მისცემს.