მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით ქალაქ NEOM-ის შესახებ, რომლის აშენება $1.5 ტრილიონი ჯდება?

NEOM / MBS

ფუტურისტული ქალაქი NEOM-ი, რომელსაც საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, მუჰამედ ბინ სალმანი მის ქვეყანაში აშენებს, შინაარსით და მასშტაბით ერგება არა დუბაიში მდებარე ბურჯ-ხალიფას, არამედ გიზის პირამიდებს, რადგან თუ ქალაქი NEOM-ი მართლაც აშენდა, ეს ნამდვილი არქიტექტურული სასწაული იქნება. თავისი არსით, NEOM-ი დიდი ქალაქია, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ტაბუკის რეგიონში შენდება. NEOM-ი 26,500 კილომეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ანუ ეს ქალაქი დაახლოებით საქართველოს ტერიტორიის მესამედს დაიკავებს.

მუჰამედ ბინ სალმანისთვის და საუდის არაბეთისთვის NEOM-ი სიმბოლოა, რომლითაც არაბული გიგანტის ტრანსფორმაცია იწყება. ნავთობმომპოვებელი გიგანტი მთავარ წიაღისეულზე უარს ჯერჯერობით სრულად არ ამბობს, მაგრამ ხვდება, რომ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოუწევს. ამგვარად, საუდის არაბეთი მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებზე გადადის და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებსაც ყიდულობს. დღეს, NEOM-ის პროექტის მფლობელი საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც მუჰამედ ბინ სალმანის მთავარი ფინანსური ჰოლდინგია, Amazon-ის, PayPal-ის, Electronic Arts-ის, Microsoft-ის, Pinterest-ის და კიდევ არაერთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიის წილის მფლობელია.

რა ჯდება NEOM-ის აშენება? გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი დასრულებული ჯერაც არ არის — და დასრულდება თუ არა ის ოდესმე, ბუნდოვანია — ზუსტი თანხის დასახელება ჭირს, მაგრამ NEOM-ის თავდაპირველი სავარაუდო ღირებულება $500 მილიარდი იყო შეადგენს. მოგვიანებით, თანხა სამჯერ გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით, ფუტურისტული ქალაქის ასაშენებლად მუჰამედ ბინ სალმანს $1.5 ტრილიონი დასჭირდება, რაც იმ მასშტაბის ფულია, რამდენიც ინდონეზიის მთლიანი შიდა პროდუქტი.

რატომ ჯდება ერთი ქალაქის აშენება ასეთი ძვირი? საქმე ისაა, რომ NEOM-ი არ არის ტრადიციული გაგებით ქალაქი, რადგან ის არ წარმოადგენს ერთ სრულ სტრუქტურას. პირიქით, NEOM-ის პროექტის ფარგლებში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება იგეგმება და თითოეული მათგანი, სულ მცირე საპროექტო რენდერებზე, მასშტაბით და გაქანებით ძველი სამყაროს საოცრებებს არაფრით ჩამოუვარდება.

NEOM-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა The Mirror Line-ად წოდებული მრავალკილომეტრიანი ცათამბჯენი იქნება. თავდაპირველად, მუჰამედ ბინ სალმანს 500 მეტრის სიმაღლის და 170 კილომეტრის სიგრძის შუშის ცათამბჯენის აშენება სურდა, რომელიც სათავეს წითელი ზღვის სანაპიროზე აიღებდა და მთებსა და უდაბნოს გადაკვეთდა. შენობის სხვადასხვა ნაწილს შორის გადაადგილებისთვის, ადამიანები ცათამბჯენის ქვეშ გატარებული ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლებდნენ, მოსახლეობის გამოკვება კი შენობის კონსტრუქციაში ინტეგრირებული ვერტიკალური ფერმების მეშვეობით იყო დაგეგმილი. როგორც NEOM-ში ამბობენ, ცათამბჯენის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი 2030 წლისთვის აშენდება, ხოლო თავად პროექტი 2045 წელს დასრულდება.

თუმცა The Mirror Line-ის გარდა, NEOM-ში კიდევ ორი განსაკუთრებულად ექსტრავაგანტური პროექტის შესრულება იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი OXAGON-ად წოდებული ინდუსტრიული ზონაა, რომლის ქვაკუთხედი მდგრადობა იქნება, ანუ OXAGON-ი მაღალტექნოლოგიური ადგილი იქნება, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან. ამ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე და, გარკვეულწილად, ზღვაში განთავსდება, პორტი, ლოგისტიკური ცენტრი და საწარმოები მოეწყობა, ანუ ყველაფერი ერთად იქნება, ხოლო OXAGON-ი იმ ადგილად ჩამოყალიბდება, რომელსაც, როგორც წესი, ლოგისტიკურ ჰაბს ვუწოდებთ.

თუმცა ბიზნესის განვითარების გარდა, მუჰამედ ბინ სალმანი NEOM-ში საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდუსტრიის განვითარებასაც გეგმავს. საუდის არაბეთის პრინცმა თერთმეტი ხელოვნური კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის შექმნა გადაწყვიტა. თითოეული მათგანი განსხვავებული იქნება, როგორც შინაარსობრივად, ასევე იქ არსებული ხასიათითა და კლიმატით. ამ კუნძულებზე შეხვდებით, როგორც იახტ-კლუბებს, ასევე კორალურ რიფებს, მუზეუმებს და საფარისაც კი.

საიდან აქვს მუჰამედ ბინ სალმანს ფული, რომლითაც ამ ექსტრავაგანტურ პროექტს დააფინანსებს? ინვესტიციის ერთი ნაწილი საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდზე მოდის, რომელიც დღეს $930 მილიარდის აქტივებს ფლობს. იქვეა მსოფლიოს რიგით მეექვსე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია Saudi Aramco, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.76 ტრილიონია. არსებობს ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ქალაქი NEOM-ი საჯარო კომპანია გახდეს, ხოლო მისი აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდეს, რაც მუჰამედ ბინ სალმანს და კომპანიას დამატებითი კაპიტალის მოძიების საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები