მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ოფშორი და როგორ იყენებენ მას ოლიგარქები?

ოფშორი

თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს, სადაც ისინი გადასახადების, გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას ახერხებენ.

ოფშორი ანუ იგივე "საგადასახადო სამოთხე" მარტივ პრინციპს ეფუძნება, რომელიც კონფიდენციალურობაზე დგას. როგორც წესი, ოფშორი არის მცირე ზომის სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივი კანონმდებლობა ისე აქვს მოწყობილი, რომ ის არა მოსახლეობის, არამედ იქ დაფუძნებული კომპანიების, ფონდებისა და ტრასტების ინტერესებს ერგება. ოფშორად ქცევის გზას, ძირითადად, ისეთი კუნძულოვანი სახელმწიფოები ირჩევენ, რომელთაც სხვა არცერთი ინდუსტრია და ეკონომიკური სექტორი განვითარებული არ აქვთ, შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროდ კი მათ ეს უჩვეულო საქმიანობა რჩებათ, რომელიც საამაყო რეპუტაციით ნამდვილად არ სარგებლობს.

განსაკუთრებით მოთხოვნადი ოფშორული ტერიტორიების სიაში შეხვდებით: პანამას, ვირჯინიის კუნძულებს, კვიპროსს, ბაჰამის კუნძულებს, კაიმანის კუნძულებს, ბარბადოსს, ბელიზს, მარშალის კუნძულებსა და მაკაოს. ზემოხსენებული ტერიტორიების შემთხვევაში, ერთ კვადრატულ მეტრზე, შესაძლოა, 500-მდე კომპანია და ტრასტი იქნეს რეგისტრირებული, ერთი პანამელი მოქალაქე კი ათასობით კომპანიის დირექტორად შეიძლება ფიქსირდებოდეს, რაც ოფშორებში სავსებით ბუნებრივი მოვლენაა.

ცხადია, სერვისის გაწევის სანაცვლოდ ოფშორები გარკვეულ შემოსავალს იღებენ, რაც აქტივების მართვის სანაცვლოდ მინიმალური საკომისიოს ტოლფასი შეიძლება იქნეს, თუმცა თუ იქ დაბინავებული აქტივების მოცულობას გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ ეს ნამდვილად სარფიანი საქმიანობაა.

განვითარებული სახელმწიფოები ოფშორებს ისე განიხილავენ, როგორც შავბნელ ზონას, სადაც იმალება ყველაფერი - გადასახადებით დაწყებული, მოპარული ფულით და კრიმინალური საქმიანობით დაგროვილი აქტივებით დამთავრებული. ოფშორებს, უმეტესწილად, ისეთი ადამიანები და კომპანიები მიმართავენ, რომელთაც ეროვნული გადასახადების თავიდან არიდება ან თავიანთი აქტივების გადამალვა სურთ.

აი, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კომპანიას ათამდე სხვადასხვა ტიპის გადასახადის გადახდა უწევს, რომელთა ჯამური მოცულობა ხშირად 20%-ს აჭარბებს. შედარებისთვის, ოფშორში ამ ტიპის გადასახადების მოცულობა 0-დან 2%-ის ფარგლებშია, სწორედ ამიტომ, კომპანიებს ურჩევნიათ, ჰოლდინგი ოფშორში გადაიტანონ და სახელმწიფო გადასახადები უბრალოდ თავიდან აირიდონ.

მაგალითად, კომპანიას საშუალება აქვს, აქტივები, პატენტები და ინტელექტუალური საკუთრება ოფშორში დაარეგისტრიროს, ხოლო საქმიანობა ქვეყანაში ისევ ჩვეულებრივად გააგრძელოს. ვინაიდან, ის იურიდიულ დონეზე, ოფშორული წარმოშობის იქნება, მას ქვეყანაში გადასახადების გადახდა აღარ მოუწევს, დაზოგილ თანხას კი არა ქვეყნის ბიუჯეტი, არამედ კომპანიის მფლობელი მიიღებს.

მართალია, ოფშორის გამოყენება გადასახადების თავიდან არიდების არალეგალურ სქემას ჰგავს, თუმცა ის ნებადართულია, რადგან სუვერენულ სახელმწიფოებს ერთმანეთის იურისდიქციაში ჩარევის და გადასახადის ძალით ამოღების საშუალება არ აქვთ, ოფშორული სისტემა კი სწორედ ამ მოცემულობით სარგებლობს. რამდენად მორალურად გამართლებულია ეს ქმედება, სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ოფშორით სარგებლობა კანონით ნებადართულია.

ექსპერტების შეფასებით, ოფშორებში რეგისტრირებული აქტივების მოცულობა დაახლოებით 10 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ევროკავშირის ჯამური ეკონომიკის მოცულობის თითქმის ნახევარია. ამ კოლოსალური მოცულობის აქტივებით სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები სარგებელს ვერ იღებენ, მათ მიღმა მდგომი კომპანიები და ინვესტორები კი უპრობლემოდ განაგრძობენ საერთაშორისო სავაჭრო სისტემით, გლობალური ბაზრითა და სახელმწიფოების მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურით სარგებლობას.

გადასახადების თავიდან არიდების გარდა, ოფშორებს კიდევ ერთი დანიშნულებით იყენებენ და ეს არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ოფშორებში არსებული კანონმდებლობა იმდენად ბუნდოვანია, რომ იქ ფაქტობრივად ნებისმიერი სახის საქმიანობიდან მიღებული ფულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ოფშორებში არსებული კანონმდებლობა სხვა ქვეყნების საგამომძიებლო ორგანოებსა და სასამართლოებს თანამშრომლობის საშუალებას არ აძლევს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საფრანგეთში დაჭერილ თაღლითს ოფშორში რეგისტრირებულ აქტივებს სასამართლო მარტივად ვერ ჩამოართმევს. სწორედ ამიტომ კრიმინალური დაჯგუფებები, თაღლითური ორგანიზაციები და არალეგალური საქმიანობებით დაკავებულ პირები ოფშორული სერვისებით ხშირად სარგებლობენ.

ოფშორული ტერიტორიების განსაკუთრებით აქტიური კლიენტები ოლიგარქები არიან, რადგან, როგორც წესი, მათ ყველაზე დიდი მოცულობის აქტივები აქვთ გადასამალი. მაგალითად, რუსი ოლიგარქები ოფშორებში მილიარდობით დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს, აქტივებს, სახლებს, იახტებს, თვითმფრინავებს, ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებს არეგისტრირებენ, რათა თავი დაიცვან როგორც საერთაშორისო სანქციებისგან, ასევე თავად რუსეთის მთავრობისგან.

ომის დაწყებისა და საერთაშორისო სანქციების ამოქმედების შემდეგ, დასავლეთის მასშტაბით განსაკუთრებით გააქტიურდა მსჯელობა ოფშორული კანონმდებლობის გამკაცრების და იმ სამართლებრივი ხვრელის ამოქოლვის შესახებ, რომელიც ოლიგარქებსა და კრიმინალებს სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. როგორც ცნობილია, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომელიც ისეთი გამჭვირვალობის სტანდარტების დაწესებას მოითხოვს, რომელიც ოფშორული სტრუქტურის მქონე კომპანიებს ოპერირებაში შეუშლის ხელს. მართალია, ასეთი ინიციატივა ოფშორულ სისტემას არსებითად ვერ შეცვლის, თუმცა ის მორიგ ნაბიჯად შეიძლება იქცეს ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავად ოფშორული პრაქტიკის სრულად აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ სერვისით სწორედ ისეთი გავლენიანი პირები და კომპანიები სარგებლობენ, რომელთაც ლობირების განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ.

მსოფლიოს მასშტაბით ყველა კანონმდებელს კარგად ესმის, რომ ოფშორებს სარგებელი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის მოაქვთ, რომელთაც გადასახადების თავიდან არიდება და მართლმსაჯულებისგან დამალვა სურთ, სწორედ ამიტომ, ოფშორული სტატუსის მიღება არცერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს, განსაკუთრებით კი ისეთს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა აქვს განზრახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები