საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში და „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა.
კომიტეტის წევრმა, რომან გოცირიძემ მომხსენებელს, ირაკლი კირცხალიას ჰკითხა, რატომ დაიწყო განხილვა იმ დროს, როცა პარლამენტის სამუშაო დრო სრულდება და ასევე, რა არის ცვლილებების ძირითადი არსი და მოტივაცია.
"ორი კანონპროექტია საკმაოდ დიდი მოცულობის. დაჩქარებულად ვიღებთ მაშინ, როცა 2 დღეში პარლამენტი ამთავრებს მუშაობას და აქამდე არ იყო ეს პრობლემა? გასულ წელსაც, ზუსტად ამ დროს შემოვიდა, ზუსტად ამ თვეში და ამ დროს მივიღეთ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები. ეს ისეთი საკითხია, რომ სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.
მარტივად აგვიხსენით, რა მიმართულებით მკაცრდება და რა მიმართულებით მარტივდება? მარტივდება იმით, რომ ერთი ნებართვით შეიძლება ორი დომენის შექმნა. ამით მარტივდება. განსხვავება არსებულ კანონსა და ამჟამინდელ კანონპროექტს შორის ისაა, რომ ერთი ნებართვით შეიძლება ორი დომენის შექმნა. ერთი ქართველებისთვის, მეორე კი, უცხოელებისთვის. მეტი, მე აქ განსაკუთრებული ცვლილება ვერ ვნახე.
მეორე კითხვა მაქვს, საგადასახადო კუთხით რა იცვლება, რა იყო და რა არის?" - იკითხა გოცირიძემ.
კანონპროექტზე მომხსენებელი დეპუტატის, ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება არავითარი ცვლილება. უმრავლესობის წევრმა ასევე განმარტა, რომ ცვლილებების ინიციატივა დარგიდან მოდის და ამიტომაცაა დარგობრივი კომიტეტი წამყვანი. ნაცვლად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტისა.
"პირველ რიგში, დავიწყებ კანონის სულისკვეთებაზე საუბრით. კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად. იცით, ჩვენი პოლიტიკა როგორ განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ მიმართულებით მაქსიმალური შეზღუდვებია და ამ მხრივ არაფერი იცვლება.
რაც ეხება ლიცენზიებს, ჩვენ, ახლა გვაქვს 8 მოქმედი ონლაინ კაზინო. ამათ უბრალოდ ემატებათ, რომ თუ ისინი მოიზიდავენ უცხოელ მოთამაშეებს ამისთვის საჭირო იქნება განათავსონ მეორე სერვერი საიდანაც მართავენ დომეინს, საიდანაც მართავენ საიტს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დასაბეგრ ბაზას, უქმდება გატანის საშემოსავლო, რომ მიმზიდველი გახდეს ჩვენი მხარისთვის", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.