ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა, ასევე სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოსცდა მიზნობრივ დონეს, ხოლო მიმდინარე წელს 7 თვეში, მისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 1%-ზე დაბალია.
„მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის, საჭიროა სტაბილური ბიზნესგარემო, მაკროეკონომიკური მდგრადობა, ვალუტის სტაბილური კურსი, რაც ასევე, აისახება ინვესტიციების მოცულობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება ქვეყანაში”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები სახეზეა - ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებულია სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, ისტორიულ
მაქსიმუმამდე გაზრდილია დასაქმების მონაცემები. როგორც მან აღნიშნა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება.