მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის - გოჩა ჩხაიძე

6342bca1614f5
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.22 10:17
977
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძის შეფასებით, ქართული ღვინის რეალიზაციის გაზრდის მიზნით, მეწარმეებს საექსპორტო ქვეყნებში სჭირდებათ შესაბამისი ადგილი დახლზე. ამ საკითხზე კი ამა თუ იმ ქვეყანაში სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უნდა იმუშავონ. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა Forbes Talks-ში სახელმწიფოს მიერ ღვინის ექსპორტიორებისთვის სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის სახელმწიფომ და ბიზნესმა უნდა ითანამშრომლონ, რათა ქართულმა ღვინომ სხვა ქვეყნის ღვინოებს კონკურენცია გაუწიოს.

„მარკეტინგი ისეთი რამ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტის მისაღებად მასში ფული სწორად ჩადო. მარკეტინგით ფულის ჰაერში გადაყრა ყველაზე იოლია. ჩვენ რომ სწორად დავგეგმოთ მარკეტინგული აქტივობა, ამაში საელჩოები უნდა ჩაერთონ და სახელმწიფოებს შორის უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, რამეთუ ჩვენ გვჭირდება დახლი, რომ მასზე ადგილი მოგვცენ. მაგალითად გერმანიაში რამდენიმე ქსელია და იქ, რომ დახლის გარკვეული ნაწილის დაკავება შევძლოთ, დიდი რაოდენობით პროდუქციის რეალიზაციას მოვახდენთ“, - ამბობს ჩხაიძე.

მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ სახელმწიფო მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამას უფრო ადრე აამოქმედებდა.

საექსპორტო ბაზრებზე ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამაში აუცილებლად ჩავერთვებით. ვფიქრობთ, ეს პროგრამა უფრო ადრე რომ დაწყებულიყო, უკეთესი იქნებოდა...

...იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მარკეტინგული ბიუჯეტები მიზანმიმართულად იმ კატეგორიებზე იყოს გათვალისწინებული, სადაც ჩვენ პროდუქციის რეალიზებას მოვახდენთ, რადგან ხარისხით ისეთ ქვეყნებისთვის შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია, როგორიცაა ჩილე, ახალი ზელანდია, ავსტრალია. თუმცა თუ დახლზე მოხვედრა ვერ მოვახერხეთ, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. მარკეტინგული გათვლების ამაზე უნდა იყოს მიმართული და ამაში საელჩოების აქტიური მუშაობაა საჭირო. ეს მხოლოდ კომპანიების სამუშაო არ არის. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ, მაგრამ თუ დამატებითი ჩართულობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაზე დამატებითი ფოკუსი გაკეთდება, იმაზე მალე მივაღწევთ დასახულ მიზანს, ვიდრე გვგონია“, - ამბობს ჩხაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები