მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობა?

მედიცინა

სამედიცინო ტურიზმის გლობალური ბაზარი წლებია, მკვეთრი ზრდით ხასიათდება. სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის თანახმად, ყოველწლიურად, საშუალოდ, 14 მილიონი ადამიანი ტოვებს საკუთარ ქვეყანას, რათა სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურები სხვა ქვეყნებში უკეთესი პირობებით ჩაიტარონ.

როგორ ვითარდება საქართველოში ეს მიმართულება და რა პოტენციალი აქვს ქართულ სამედიცინო ტურიზმს, საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში პაატა რატიანი, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელი, საუბრობს.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე გვაქვს რამდენიმე მიმართულება, სადაც მომსახურების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ მაღალ მსყიდველუნარიანი პაციენტების მოზიდვა შეუძლია.

“ჩვენი მთავარი ორიენტირი ის მიმართულებებია, რომლებშიც ბოლო წლების განმავლობაში კერძო ინვესტიციები იდებოდა. სექტორისთვის ეს მიმართულებებია ესთეტიკური მედიცინა, სტომატოლოგია, თმის გადანერგვა, ველნესი… შევძელით, სამედიცინო მომსახურების იმ ხარისხისთვის მიგვეღწია, რომელიც დასავლური ბაზრებისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი.

მიმზიდველ ფასსა და სხვადასხვა ტურისტულ პაკეტთან ერთად, ეს კომბინაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე გადამხდელუნარიანი პაციენტი მოვიზიდოთ, რომლისთვისაც საქართველო ახალი და საინტერესო ალტერნატივა იქნება”, - ამბობს პაატა რატიანი.

სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებლის განმარტებით, გარდა დასავლეთის ქვეყნებისა, საქართველოში აღნიშნული მომსახურების მისაღებად მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან და რამდენიმე წელიწადში ტურისტთა ნაკადების ზრდასაც უნდა ველოდოთ.

“სამედიცინო ტურიზმი სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წყაროა დამატებითი შემოსავლისთვის. ამიტომაც ვცდილობთ, აქცენტი ახლო სამეზობლოზე, კავკასიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც გავაკეთოთ. ეს ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ბუნებრივია.

თუმცა მთავარი აქცენტი მაინც განვითარებული სამყაროს ქვეყნებია, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნაკადთა მნიშვნელოვან ზრდას ველით”, - ამბობს პაატა რატიანი.

სამედიცინო ტურიზმის გლობალური ბაზარი 2022 წელს 4.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ნავარაუდებია, რომ ინდუსტრიის ღირებულება 2030 წლამდე 43.7 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები