Elven Technologies გამომგონებელი კომპანიაა, რომელიც მეხანძრეებისთვის ცეცხლგამძლე უნიფორმების ქმნის და ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის წარმოებით გახდა ცნობილი. თუმცა იმას, რომ საქართველოში სიახლის შექმნა ძალიან რთულია, Elven Tech-ის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე, BMGDrive-ში სტუმრობისას, წამყვანის შესაბამის კითხვაზე პასუხით ადასტურებს.
“ზოგადად ინოვაცია Hardware-ში საქართველოში არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ინოვაცია ავტომატურად გულისხმობს რაღაცის შექმნას, და როცა Hardware-ზეა საუბარი, ეს შექმნა უნდა მოხდეს ფიზიკურად. თუ გინდა, რომ ნებისმიერი პრობლემა მეტალის დეტალით გადაჭრა, მაშინვე შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ ისეთი ჩარხები, რომლებსაც მეტალის ბლოკისთვის სამგანზომილებიანი ფორმის მიცემა შეუძლია, საქართველოში არის თითზე ჩამოსათვლელი, აქვთ მხოლოდ რამდენიმე დიდ კომპანიას, რომლებსაც თვითონ სჭირდებათ წარმოებისთვის და გამომგონებლებს მათზე წვდომა არ აქვთ. ერთადერთი გზა, რომ შენს იდეას ხორცი შეასხა საქართველოში, არის სამგანზომილებიანი პრინტერი, რომელიც პლასტამასს ბეჭდავს, მეტალს - არა.
კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან რთულია აქ ექსპერიმენტების ჩატარება, სამეცნიერო კულტურაც აღარ არსებობს. თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურას შორის, ჩვენი გამოცდილებით, არც თუ ისე დალაგებულია”, - ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.
Elven Tech-ის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სტარტაპებს დაფინანსების კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება, თუ საზოგადოებაში ინდივიდუალურ დონეზე არ გაჩნდება ქართული ინჟინერიის განვითარების სურვილი.
“პირველ რიგში ვიტყვი, რომ GITA-ს გრანტები არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ სტარტაპებისთვის. პირველი რეალური ფულია, რომელსაც გაცემის გარეშე იღებ, მათ შორის იდეის დონეზეც. მსგავსი პირველი ფულის წყარო სხვა ქვეყნებში საერთოდ არ არსებობს.
თუმცა ვიტყოდი, რომ უნდა იყოს სურვილი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალ ტექნოლოგიებზე ადამიანები მუშაობდნენ, გააზრება, რომ - თუ ქვეყანაში ინჟინერია განვითარებული გვაქვს - ეს კარგია. ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც, რამაც შეიძლება მსოფლიო შეცვალოს. მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, ამის დიდად არავის სჯერა, რომ საქართველოში ვინმემ შეიძლება რამე ისეთი შექმნას, რაც არავის შეუქმნია მსოფლიოში - ამის რწმენა ინდივიდუალურ დონეზე არ არსებობს”, - ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.
კომპანია Elven Technologies ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და მეხანძრის ცეცხლგაუმტარი, მაღალტექნოლოგიური უნიფორმა წარადგინა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მეხანძრეს 4-6 საათის განმავლობაში აგრილებს. მას შემდეგ კომპანია განვითარდა და ამ ეტაპზე ის ლითიუმის ბატარეების შემფუთავ პროდუქტზე მუშაობს.