ძლიერი ბრენდები მომხმარებლებთან ემოციურ კავშირს ქმნიან და კონკურენტულ გარემოში, დღემდე, სწორედ ამ კავშირით ახერხებენ ოპერირებას და ლოიალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდას. Visual Capitalist-ის ცნობით, წლებია, Google, Amazon, Netflix და eBay მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებად სახელდება, რომლებსაც მომხმარებლები სწორედ განსხვავებული ემოციური კავშირის გამო ირჩევენ. უფრო მეტიც, დღეს ცხოვრება ძნელი წარმოსადგენია Google-ის, Amazon-ის, Netflix-ის და eBay-ის გარეშე.
გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამომხმარებლო ბრენდის პოზიციას კვლავ Google ინარჩუნებს - თავად საძიებო სისტემა მსოფლიოში ყველაზე ხშირად ძიებადი სამომხმარებლო ბრენდია. ყოველთვიურად 90 მილიარდზე მეტი ვიზიტით, Google შეუდარებლად დომინირებს ბრენდის მიმართ ერთგულებისა და ვებ-გვერდების ტრაფიკშიც. მას მეორე ადგილზე Netflix-ი მოჰყვება, ხოლო მესამეზე - Amazon-ი. ტოპ ხუთეულში ერთადერთი არატექნოლოგიური კომპანია IKEA გვხვდება, ისიც მეხუთე პოზიციაზე - eBay–ის შემდეგ.
GAMING სექტორი
საინტერესო მდგომარეობაა ე.წ. Gaming სექტორშიც: Namely და GTA გლობალურ ჩარტებში დომინირებს. შედეგად, ვიდეოთამაშების შემქმნელი კომპანია Epic Games-ი მსოფლიოს 141 ქვეყანაში ტოპ ძიებად სამომხმარებლო ბრენდად სახელდება. რაც შეეხება Nintendo-ს, ის 24 ქვეყანაში ლიდერობს, Gaming სექტორში მესამე ადგილს კი Gameloft-ი იკავებს, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტით ყველაზე ხშირად პარიზში ეძებენ.
საცალო ვაჭრობის სექტორი
1964 წელს, ანუ პრაქტიკულად, დაარსებიდან დღემდე Nike ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ბრენდია. ის 49 ყველაზე პოპულარული მოდური ბრენდის სიაში გვხვდება. საგულისხმოა, რომ Nike-ის დამფუძნებელმა ფილ ნაითმა ბრენდინგის ძალაუფლების შესახებ მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა კომპანიის შემოსავლებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია - მთელი რიგი წარუმატებლობისა და არასწორი ნაბიჯების შემდეგ, გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში, Nike-მა კონცენტრირება სწორედ მარკეტინგსა და წარმოებაზე მოახდინა.
Nike-ის მსგავსად, 1947 წლიდან დიდი ისტორია აქვს შვედურ საცალო მაღაზიათა ქსელ H&M–ს. პანდემიის დაწყებამდე, საცალო მაღაზია მსოფლიოში 5,000 ფილიალს ფლობდა, თუმცა კოვიდ პანდემიის შედეგად, H&M-მა 2021 წელს 250 მაღაზია დახურა და ახლა მთელ აქცენტს ონლაინ გაყიდვებზე აკეთებს.
სწრაფი კვების სექტორი
თუ ყველაზე ხშირად ძიებადი სწრაფი კვების ქსელების პოპულარობაც გაინტერესებთ, "მაკდონალდსი" გლობალურად უმაღლეს პოზიციაზე რჩება, რომელსაც მეორე ადგილზე KFC მოჰყვება, 65 ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ბრენდის სტატუსით. ამერიკაში კი სწორედ KFC-ის შვილობილ კომპანიას - Pizza Hut-ს ეძებენ ინტერნეტით ყველაზე ხშირად.
ასე რომ, ყოველწლიურად საერთაშორისო ბრენდების დიდი ნაწილი კიდევ უფრო მეტ წილს იძენს ბაზარზე, ამ ფონზე კი მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლის ინტერნეტ ძიების შედეგების ნახვა აქტუალობას არც მომდევნო წლების და თუნდაც ათწლეულის განმავლობაში დაკარგავს.