ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს სასიკვდილო ჭრილობა? - ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, მაია ბითაძეს.
როგორც ცნობილია, სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
ხაზარაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით შემდეგი საკითხები დააყენა:
„ვიცით თუ არა ჩვენ ამ ამნისტიაში რა ზომის დანაშაულზეა საუბარი? გაქვთ თუ არა პირველი 50-100 შემთხვევის ჩამონათვალი, თუ რა ჯარიმაზეა საუბარი? ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს „სასიკვდილო ჭრილობა“, ან ვინ გააკეთა უბრალოდ გადაცდომა და მსუბუქი დანაშაული? და რატომ უნდა ვაპატიოთ ჩვენ ამ ადამიანებს ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა ის ჯარიმა, რომელიც მათ დაეკისრათ?
თქვენ თქვით, რომ 12 ათასი ნებართვა გაიცა და აქედან 6 000 არ არის ექსპლოატაციაში შესული, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თქვენი გუნდი ( მერიაში), რომელიც ამით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ვერ ასრულებდა დავალებას, რომ მსგავსი საკითხები აღეკვეთა რაღაცა ფორმით. ინტერესთა კონფლიქტია, რადგან ამბობთ, რომ ზედამხედველობა კარგად ვერ განახორციელეთ და ახლა გინდათ ყველას ყველაფერი ვაპატიოთ.
რა ჩამკეტი მექანიზმი გაქვთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ მომავალში არ მოხდეს? გვინდა წარმოადგინოთ ციფრები, რომ საზოგადოებამ იცოდეს, დანაშაულის ზომა და ოდენობა. რა ჩამკეტი მექანიზმია, რომ ქალაქ თბილისში ეს აღვირახსნილი დეველოპმენტი დასრულდეს, სადაც ადამიანებს არ აქვთ არანაირი პერსპექტივა, რომ უბრალოდ თავისი ცხოვრება დაგეგმონ, რათა დღეს ნაყიდ ბინაში ხვალ ეფარება ბეტონის კედელი. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს პატიება უსამართლობა იქნება იმ დეველოპერების მიმართ, რომლებიც კანონს არ არღვევენ, პატიოსნად ექცევიან ქალაქს, არც ზედმეტი კვადრატული მეტრები დაუშენებიათ და ახლა უბრალოდ არასამართლიან გარემოში ხვდებიან“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ თანაბარი კონკურენტული გარემო შექმნას ყველასთვის, ხოლო ამნისტიის კანონპროექტით ეს ასე არ არის.
“ვინც იცოდა, რომ ამნისტია იქნებოდა, ყველამ მოასწრო მითვისება ქალაქის კუთვნილი ტერიტორიების და ახლა გვინდა, ეს ყველაფერი გავათეთროთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, მარტის დასაწყისში თბილისის მერიამ "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განმარტებით, კანონპროექტი მშენებლობების კუთხით სამ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს: 1. სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
2. მშენებლობებზე, სამუშაოების დარღვევებით წარმოებასა და ამ დარღვევების განმეორებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
3. ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება.
კალაძის ინიციატივა უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მის განსახორციელებლად 7 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება.