ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ამერიკა-ისრაელი-ირანის ომი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ერთი ქვეყნისთვის ეს უდიდეს შესაძლებლობას ქმნის, ეს ქვეყანა – რუსეთია.
იმის ფონზე, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში ცდილობს სანქციების გზით რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას, ეს ფართომასშტაბიანი რეგიონული ომი ის კატალიზატორია, რომელიც კრემლს აძლევს საშუალებას, მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ფინანსური სარგებელი მიიღოს. ამ პროცესის უმთავრესი არტერია გლობალური ენერგობაზარია, სადაც ნებისმიერი არასტაბილურობა პირდაპირ აისახება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე.
ენერგიის კვლევის ცენტრის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ ორკვირიანმა საომარმა მოქმედებებმა რუსეთს დამატებით 9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
ნავთობის ფასების გლობალური ზრდა კი კრემლისთვის ყოველდღიურად დამატებით ასეულობით მილიონის შემოსავალს ნიშნავს. ექსპერტების გათვლით, ეს ფინანსური ნაკადი საკმარისია იმ ბიუჯეტის დეფიციტის ამოსავსებად, რომელიც მოსკოვს ბოლო თვეების განმავლობაში დაუგროვდა.
გაზის სექტორშიც მსგავსი სურათია. როდესაც რეგიონული ომი საფრთხეს უქმნის ალტერნატიულ მარშრუტებს ხმელთაშუა ზღვაში, რუსული ენერგორესურსების მიმართ ინტერესი და ფასები იზრდება.
ამასთან, აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი შემსუბუქება კრემლისათვის დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს, რომლის რეალური ეკონომიკური ეფექტი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.




























