საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში ფერმერთა პროტესტის ტალღა გრძელდება და სავარაუდოა, რომ ის ევროპის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. თუმცა ვიდრე შედეგებზე ვიმსჯელებთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იყო ამ ყველაფრის საწყისი.
მიმდინარე საპროტესტო ტალღას საფუძველი ჯერ კიდევ 2019 წელს, “მწვანე შეთანხმებით” ჩაეყარა, რომლის ფარგლებშიც კლიმატური ნეიტრალიტეტის გამო სოფლის მეურნეობაში გარკვეული პროცესები უნდა შეცვლილიყო. შეთანხმების მიზანი ევროპის ეკონომიკის გაციფრულება და დეკარბონიზაცია იყო. თუმცა კანონპროექტის ავტორებმა ამ ყველაფრის ფერმერებზე გავლენა ვერ გაითვალისწინეს. მიმდინარე გაუგებრობა და ევროპის ყველა მსხვილი ეკონომიკის შენელება კი მეგა-კრიზისის საწყისად იქცა. სხვა იდეებთან ერთად, Farm to Fork სტრატეგია ევროპის აგრონომიისთვის ორ მნიშვნელოვან კომპონენტს ითვალისწინებდა: 1. პესტიციდებისა და სასუქის გამოყენების 50%-ით შემცირება; 2. 2030 წლისთვის, წარმოებული პროდუქტის 25% ორგანული უნდა ყოფილიყო - ევროპული მწვანე შეთანხმების მიზნად კვლავ რჩება ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მდგრადობა, თუმცა ის ფერმერების მხრიდან კრიტიკას დღემდე იმსახურებს.
მეტიც, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში პროტესტი გზების გადაკეტვაში გადაიზარდა - ფერმერები ევროკავშირის რეგულაციებს, დაბალ ანაზღაურებებსა და გაზრდის ფასებს აპროტესტებენ. პრობლემაა ადგილობრივი წარმოების ინდუსტრიაშიც, რადგან ის ფასით იმპორტულ პროდუქტს კონკურენციას ვერ უწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა საერთო მიზნისა, ფერმერები თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტებსაც აპროტესტებენ: გერმანიაში ასეთი დიზელის სუბსიდირების შეჩერებაა, საფრანგეთში აგრონომიული აქტივობების რეგულაცია და ა.შ.
პროტესტი არა მხოლოდ აგრონომიულ, არამედ სატრანსპორტო სექტორსაც აფერხებს, რასაც მიწოდების ჯაჭვის კოლაფსამდე მოვყავართ, ყველაფერი ეს კი რეგიონული ეკონომიკის შეფერხების საწინდარია. თავად ფერმერებიც მიზანმიმართულად არღვევენ საპორტო პროცესებს, რათა ლოგისტიკის ინფრასტრუქტურაშიც გარღვევები შეიტანონ. გასულ კვირას ბელგიაში ზებრუგის პორტი ფერმერების მიერ 36 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი.
გამოწვევაა ისიც, რომ გასული წლის განმავლობაში ექსტრემალური ამინდის პირობებში, რომლებმაც დააზიანეს ტყის საფარი და გამოიწვიეს მასობრივი წყალდიდობები, ფერმერებმა ასევე დაკარგეს ფერმის ცხოველები და ნარგავები, რამაც მათი ფინანსური ზარალი კიდევ უფრო გაზარდა.
და თუ ამ დრომდე ევროპას საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება შეეძლო, ამიერიდან თავად ფერმერთა ქმედებები პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. პროტესტების ტალღა თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას წნეხად აწვება და მისი აღდგენის შესაძლებლობას აკარგვინებს. საპროტესტო დემონსტრაციები არა მხოლოდ ინდივიდუალური ქვეყნის საზღვრებში გამოიწვევს ეკონომიკურ დაღმავლობას, არამედ ის ევროკავშირის ბლოკის მასშტაბით იქონიებს ეკონომიკურ პროცესებზე გავლენას. თუმცა არსებობს პროგნოზი, რომ ევროზონის ეკონომიკა შესუსტებას განაგრძობს წლის მეორე ნახევრამდე, შემდეგ კი კვლავ ზრდას დაიწყებს.