მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დავალებები გასცა მთავრობამ შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის?

წყალქვეშა კაბელი

გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს, ასევე, სახელმწიფო ელექტროსისტემას შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ.

1 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულების თანახმად, გაცემული დავალებები შემდეგია:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გეოფიზიკური, გეოტექნიკური და ეკოლოგიური კვლევის განსახორციელებლად ცვლილებები უნდა შეიტანოს, კოლხეთის ეროვნული პარკის, კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმაში, რათა იქ შესაძლებელი გახდეს შესაბამისი კვლევის განხორციელება.
  • სახელმწიფო ელექტროსისტემამ კვლევების ჩატარების შემდეგ, გონივრულ ვადებში (ზუსტი დრო არ არის განსაზღვრული) უნდა უზრუნველყოს ტენდერებისთვის საჭირო პროცედურების ორგანიზება.
  • ეკონომიკის სამინისტრომ და ასევე, სხვა სამინისტროებმა, საჭიროების შემთხვევაში მთელი მათი რესურსით, მათ შორის რეგიონებში დასაქმებულებით, უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ივლისამდე გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი თვის წინ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა, ნოდარ რუაძემ განაცხადა, რომ კვლევა ერთ თვეში დასრულდებოდა.

კვლევას იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები