საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპასა თუ აშშ-ში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს, რომლებმაც აცრა ჩინური ვაქცინით ჩაიტარეს, შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი დოზის სახით „ფაიზერით“ აიცრან, რათა მოგზაურობისას პრობლემა არ შეექმნათ.
Bm.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძისგან დაინტერესდა, თუ რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ ადამიანებმა იმის დამადასტურებლად, რომ ნამდვილად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ.
„მოქალაქეებმა უნდა წარადგინოთ ჯავშანი, რომ მოწვევა ნამდვილად გაქვთ; თუ ტურისტულად მიდიხართ, უნდა წარადგინოთ ჯავშნის დოკუმენტები და თუ საქმიანად მიდიხართ - ვიზიტის დამადასტურებელი ცნობა“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, bm.ge-ის ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ ჯავშნის გაუქმება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ეს ხომ არ იქნება ერთგვარი „ხვრელი“, NCDC-ს ხელმძღვანელი ასე პასუხობს: “თუ ხვრელებით დავიწყებთ საუბარს, ეს ყველაფერში არსებობს. სჯობს, ჩვენს კეთილსინდისიერებას ვენდოთ“.