მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დროს ხარჯავენ თბილისის მცხოვრებლები საცობში? - კვლევის შედეგები

თბილისი

„თბილისში მცხოვრები ადამიანები თვეში მინიმუმ 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს  საცობში ატარებენ“ - ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულის“ კვლევაში. კვლევის ავტორების თქმით, დღიურად მოქალაქეებს საჭირო ადგილზე მისასვლელად მინიმუმ 1 სთ-ით მეტი დრო სჭირდებათ, რაც ევროკავშირის სახელმწიფოთა დედაქალაქებთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.
statista.com-ის კვლევის თანახმად, მაგალითად ამსტერდამში წელიწადში 30 საათი დგანან საცობში, ბრატისლავაში - 29, პრაღაში, ბუდაპეშტსა და ჰელსინკიში - 24, ხოლო ლისაბონში - 22 საათი. ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდება 3-მილიონიან რომში, წელიწადში - 165 საათი, რაც თბილისზე 75 საათით ნაკლებია.
კვლევის მეთოდებზე ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა  ვადო მაჭავარიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენი ორგანიზაცია ჯერ ერთი წელიც არ არის რაც დაფუძნდა, ის სრულად „ჯიპას“ და „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებით არის დაკომპლექტებული და მიზნად ისახავს სხვადასხვა საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მთავარი აქცენტი კეთდება ევროინტეგრაციის პროცესზე და მუნიციპალურ საკითხებზე.

საცობები არის ის პრობლემა, რაც ყოველდღიურად ყველას გვაწუხებს. კვლევის მეთოდოლოგია არის ორმხრივი, ერთი ეფუძნება დაშვებას - ჩვენ 5 დღის განმავლობაში ჩვენი რესურსებით დავდიოდით ქალაქში და ვითვლიდით მაგ. რა დრო გვჭირდებოდა ვაჟა ფშაველადან კავკასიის უნივერსიტეტამდე, პეკინიდან რუსთაველის გამზირამდე, ვაკის პარკიდან „ჯიპას“ უნივერსიტეტამდე პიკის საათებში და დღის სხვა მონაკვეთებში. ამ დაკვირვებამ აჩვენა, რომ თუ A-დან B პუნქტამდე დილით და საღამოს გვჭირდებოდა 1 სთ, დღის სხვა მონაკვეთში კი იგივე მანძილს ვფარავდით 15წთ-ში. ეს 1 სთ გადავამრავლეთ 5 დღეზე, რადგან საშუალოდ 5 დღე ვსწავლობთ ან ვმუშაობთ და მივიღეთ 240 სთ. ეს არის მინიმალური დათვლის შედეგად მიღებული რიცხვი. ადამიანები ვინც ხშირად გადაადგილდებიან და სხვადასხვა ლოკაციებს ფარავენ, მათთვის ცხადია მონაცემები იქნება განსხვავებული.

რაც შეეხება მეორეს, ეს არის Google map-ის მონაცემები, რომელიც  ყველაზე კარგად გვაჩვენებს და ითვლის ამ მხრივ არსებულ მონაცემებს.“ - განაცხადა  "12 სართული • 12 Storeys To EU" თანადამფუძნებელმა ვადო მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები