„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტის არჩევნებამდე წარდგენის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. „არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო რჩება, არ ვიცი, პრეზიდენტის სიჩქარე რით არის გამოწვეული“, - ამბობს პოლიტიკოსი. საქმე ის არის, რომ 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პარტიებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქარტიის ყველა სიტყვას ეთანხმებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ტექნიკურ მთავრობას, მათ შორის პრემიერობის კანდიდატს წარადგენს სალომე ზურაბიშვილი.
- თქვენი აზრით, რატომ ხედავს პრეზიდენტი ამ აუცილებლობას - ეშინია, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ ერთობლივ კანდიდატზე შეთანხმებას?
- არ ვიცი, სად და რატომ არის ასეთი სიჩქარე საჭირო. პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბევრი რამე გავაკეთეთ ერთად. პირველი - შევთანხმდით ურთიერთთავდაუსხმელობაზე და ამას ვასრულებთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ რომ ძალიან სწორად მიგვყავს საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ერთი სამიზნე გვაქვს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მოშორება. მეორე - ვთანხმდებით რეფორმების განრიგზე, რომელიც უნდა შესრულდეს. ვგულისხმობ, ევროკავშირის 9 პუნქტით გათვალისწინებულ რეფორმებს და ასევე „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ რეფორმებს. მესამე - პარლამენტში უკვე რეგისტრირებული გვაქვს ამ რეფორმებისთვის საჭირო კანონპროექტები, რომელთაც პარლამენტში შესვლისთანავე გავაცოცხლებთ. ასე, რომ ზუსტად ვიცი, რომ ოპოზიცია კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდება.
- გამოდის, პრეზიდენტს ვერ არწმუნებთ ამაში?
- არ ვიცი, პრეზიდენტის სიჩქარე რით არის გამოწვეული. სიმართლე გითხრათ, არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო არის დარჩენილი... დღეს არ ვკარგავთ და დავდივართ კარდაკარ, უბნებში, სოფლებში... ხალხს უნდა მეტი კონტაქტი და აქედან გადართვა ისევ ოთახებში და იქ ლაპარაკი...
- და თან ჯერ არ ვიცით, იმარჯვებს თუ არა ოპოზიცია...
- ჰოდა, გავიმარჯვოთ. მოვიგოთ, დარწმუნებული ვარ ასეც იქნება და წინ რა გვიდგას შეთანხმებისთვის?! ხომ ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა. რა არის იცით, პოლიტიკოსების გარეშე მთავრობის ფორმირება - გეტყვით, რაშია ყველაზე დიდი ცდომილება - მე ბევრგან მინახავს ტექნიკური მთავრობების შექმნის მცდელობები - დაწყებული უკრაინით, დამთავრებული ევროკავშირის ქვეყნებით და არც ერთხელ არ მინახავს, რომ ტექნიკურ მთავრობას გაემართლებინოს. რატომ? აგარიშვალდებულება პოლიტიკოსს აქვს, დაპირებებს ამომრჩეველს მე ვაძლევ...
- „ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“ - ეს წერია „ქართულ ქარტიაში“ და მაშინ რატომ მოაწერეთ ხელი?
- კონსტიტუციითაც ასეა, მაგრამ სად წერია, „ტექნიკური მთავრობა“ ან ის, რომ არჩევნებამდე უნდა წარადგინოს?! სიმართლე გითხრათ, ამ დისკუსიებში შესვლა უკვე ზედმეტი მგონია. რაც არ წერია იმას, ხომ ვერ ჩაამატებ ამ ქარტიის დოკუმენტში?! სიტყვა „ტექნიკური მთავრობა“ პირველად ვერსიაში ეწერა, მაგრამ მაშინ ამოვაღებინეთ, რადგან ვთქვით, რომ გაუგებარია რა არის ეს „ტექნიკური მთავრობა“ და თან ახლა, რა დროს ტექნიკური მთავრობაა?! ახლა არის საქმის კეთების დრო - ინვესტიციები გვაქვს მოსაზიდი, ევროკავშირში სწრაფად უნდა გავწევრიანდეთ...
- ანუ შეიძლება ერთწლიან მთავრობაზეც მსგავსი მსჯელობა გაიმართოს? ვგულისხმობ, „ქართულ ქარტიაში“ არსებულ ამ ჩანაწერს - „ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში“...
- არა, რადგან შეიძლება არ მოგვწონდა, მაგრამ რადგან ეს თანხმობის ნაწილი იყო და ხელი მოვაწერეთ, კი ბატონო.