"ასახვის დროითი შუალედი - პლატსის ფასის ცვლილება ქვეყანაში საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასზე აისახება საშუალოდ 2-5 კვირიან შუალედში. აღნიშნული დამოკიდებულია პლატსის ფასის ცვლილებამდე კომპანიის მარაგზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საზღვაო ტრანსპორტით იმპორტს უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სარკინიგზო გზით იმპორტს, თუმცა საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში იმპორტი ხორციელდება საშუალოდ თვეში ორჯერ", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ნავთობის როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზარზე კონკურენტული ვითარება გაუმჯობესებულია, რაც მოთამაშეთა სიმრავლის მატებით არის განპირობებული.
- 2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია; 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა.
- ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 60%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 40%-ის ფარგლებშია;
- 2015 წლის დასაწყისში, ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს კი მათი რიცხვი 1210-ს შეადგენს.