მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეფექტი ექნება ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ინდუსტრიაზე - "თიბისი დაზღვევის" მოლოდინი

ავტოდაზღვევა

„თიბისი დაზღვევის“ შეფასებით, საქართველოს ბაზარზე ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ინდუსტრიას 20%-ით გაზრდის.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაში ბაზრის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები. დავით კიღურაძის თქმით, აღნიშნული ტიპის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2026 წლამდე მოსალოდნელი არაა.

მისი შეფასებით, ბაზარზე ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სხვა ტიპის პროდუქტების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

„ჩვენი ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი აქტიურ განხილვაშია და ასოციაციის ფარგლებში ჩართულები ვარ მის დამუშავებაში. ჩვენს რეკომენდაციებს ვაძლევთ, რათა ეს კანონი მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხმარებელზე, ხელმისაწვდომი და დაფარული იყოს ის ძირითადი რისკები, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირების დაფარვის ქვეშ ექცევა.

მოლოდინია, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება დაახლოებით 20%-ით გაზრდის არსებულ ბაზარს. რაც შეეხება ვადებს, რეალისტურად რომ შევხედოთ, ალბათ მისი ამოქმედება 2026 წლიდანაა მოსალოდნელი. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის თუნდაც დღეს მიღების შემთხვევაში, საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა პოლისების გაცემა შევძლოთ. გვაქვს სურვილი, რომ ეს პროდუქტი თანადაზღვევის ინსტრუმენტის მეშვეობით გაეშვას, რათა მომხმარებელმა დროულად მიიღოს ანაზღაურება და მთელი ეს პროცესი კოორდინირებული იყოს. გვაქვს იმედი, რომ ეს გარკვეულწილად სხვა პროდუქტების, მათ შორის ავტომობილის ძარის დაზღვევის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, მოცვა და ცნობადობა გაიზრდება ამ მიმართულებით.

ცნობისთვის, დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დავით ონოფრიშვილი ჯერ კიდეც მიმდინარე წლის მარტში აცხადებდა, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. ამასთან, პარლამენტის წლიურ გეგმაში გაწერილი იყო, რომ კანონპროექტის განხილვა მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე უნდა გამართულიყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ამ მიმართულებით განხილვები არ დაუწყია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები