მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ თანახმად, საქართველოს ეკონომიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად ინარჩუნებს მყარ ეკონომიკურ დინამიკას, თუმცა რეგიონული და გლობალური ფაქტორების გავლენით 2025 წელთან შედარებით ზრდის ტემპის გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი.
2025 წელს მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, 2026 წელს კი 5.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ზრდის ეს პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რადგან 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი.
2026 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება:
- საქართველო - 5.5%-ის ზრდა;
- სომხეთი - 4.9%-ის ზრდა;
- აზერბაიჯანი - 1.8%-ის ზრდა;
- თურქეთი - 3.7%-ის ზრდა;
- უკრაინა - 2%-ის ზრდა;
- რუსეთი - 0.8%-ის ზრდა;
- ყაზახეთი - 4.5%-ის ზრდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში 2026 წელს საშუალო ზრდა 3.3% იქნება. აზერბაიჯანში ეკონომიკურ აქტივობას ნახშირწყალბადების წარმოების დაბალი ზრდა ზღუდავს, რასაც ნავთობის ფასების ვარდნა და მკაცრი ფისკალური პოლიტიკა ზღუდავს.
სომხეთსა და საქართველოში კი მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობა წინა წლებში არსებული მაღალი მაჩვენებლებიდან ნორმალიზების მდგომარეობაში გადავა. ამასთან, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში მიღწეული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, გააძლიერებს სტაბილურობას და ხელს შეუწყობს რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებას.
ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია დასუსტდეს და 2026 წელს 5 პროცენტამდე, ხოლო 2027 წელს კიდევ დაეცეს 4.6 პროცენტამდე. კერძო მოხმარების ტენდენცია შემცირდება მაღალი ინფლაციის ფონზე, ხოლო რუსეთის ეკონომიკური შენელება სავარაუდოდ შეამცირებს ამ ქვეყნების ექსპორტსა და ფულადი გზავნილების დინამიკას, რაც რუსეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის ფონზე ისედაც კლებად ტენდენციას ატარებს.
ყაზახეთში მოსალოდნელია ზრდის შენელება, რაც ნავთობის ფასების კლებით იქნება განპირობებული. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში კი მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ექსპორტის ზრდას ოქროს გაზრდილი ფასი შეუწყობს ხელს.




























