13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე დაღმასვლის დინამიკა შეინიშნება. ამასთან, თბილისის აეროპორტიდან 12, ბათუმის აეროპორტიდან კი 7 რეისი გაუქმდა. ფრენები არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებითაც გაუქმდა.
BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკური კავშირების შესახებ ისრაელთან და ირანთან.
FDI
ისრაელი
ისრაელური ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა. იმ დროისთვის პირდაპირი ინვესტიციები მცირე იყო, თუმცა წლების განმავლობაში გაიზარდა. ისრაელიდან რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს შემოვიდა, რაც $37.6 მილიონს შეადგენდა. 2022 წელს კი ინვესტიციის მოცულობა $35.6 მილიონი იყო. 2023 წელს პირდაპირი ისრაელური ინვესტიციის მოცულობა $24.4 მილიონამდე შემცირდა, 2024 წელს კი $37 მილიონამდე გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში ისრაელიდან შემოსულმა FDI-მ $12.9 მილიონი შეადგინა, რაც აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის $699.8 ათასს. ამ მაჩვენებლით წელს ისრაელი საქართველოსთვის მე-9 უმსხვილესი ინვესტორის ქვეყანაა.
ირანი
ირანიდან საქართველოში პირველი FDI 2006 წელს შემოვიდა. მაქსიმალურ ოდენობას, $8.2 მილიონს კი 2018 წელს მიაღწია. 2024 წელს პირდაპირი ირანული ინვესტიციები $595.6 ათასი იყო, რაც წლიურად მკვეთრ, 74%-იან ვარდნას წარმოადგენდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ირანიდან FDI უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -$620 ათასი შეადგინა.
ფულადი გზავნილები
ისრაელი
საქართველოში გადმორიცხულ ფულად გზავნილებში ისრაელი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ისრაელიდან ფულადი გზავნილების ტენდენცია მზარდია. 2024 წელს საქართველოში ისრაელიდან რეკორდული $248.5 მილიონი გადმოირიცხა, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში კი $86.7 მლნ გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 8%-ია.
ირანი
ირანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა უმნიშვნელოა. 2023 წელს 233 200 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, წლიურ ჭრილში კი 216%-იან ზრდას წარმოადგენს. მიმდინარე წელს ირანიდან ფულადი გზავნილები არ ფიქსირდება.
ვაჭრობა
ისრაელი
საქართველო-ისრაელის ვაჭრობის სტატისტიკა არც ისე მოცულობითია. 2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 61%-ით 59.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ისრაელთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი ადგილი ექსპორტს უკავია.
2024 წელს საქართველომ ისრაელში საქონლის გაყიდვით $37 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 79%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან ისრაელში თხილისა და ხილის წვენების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-5 ასე გამოიყურება:
- თხილი და სხვა კაკალი - $4 მილიონი, 485 ტონა;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $4 მილიონი, 2 344 ტონა;
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $2.6 მილიონი, 305 ტონა;
- რადიოსატელეფონო გადამცემი აპარატურა - $2.6 მლნ, 5 ტონა;
- აზოტოვანი სასუქები - $1.8 მლნ, 6 847 ტონა;
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ისრაელიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი 38%-ით 22.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტირებული საქონლის TOP-5 ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $2.5 მლნ, 3 447 ტონა;
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $1.9 მლნ, 54 ტონა;
- ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $1.7 მლნ, 755 ტონა;
- საფრენი აპარატების ნაწილები - $1.7 მლნ, 5 ტონა;
- ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - $1.3 მლნ, 9 ტონა;
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ $25.9 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 52%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წელს ექსპორტმა $17.1 მლნ შეადგინა (56%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა $8.8 მლნ (46%-ით მეტი).
ირანი
ირანთან სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს გასულ წელს მიაღწია და $322 მლნ შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18.8%-იან ზრდას წარმოადგენდა. ირანთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $36.9 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $285.1 მლნ.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:
- ხე-ტყის მასალა - $8 მლნ მლნ/20,116 ტონა
- სიმინდი - $3.8 მლნ/ 14,792 ტონა
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული - $2.6 მლნ/ 333 ტონა
- ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $2.4 მლნ/ 307 ტონა
- ხელსაწყოები, აპარატურა და მოდელები განკუთვნილი სადემონსტრაციო მიზნებისათვის - $2.2 მლნ/ 114 ტონა
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი ასეთია:
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $81.3 მლნ/148,250 ტონა
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - $26.1 მლნ/125,609 ტონა
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - $23.6 მლნ/21,145 ტონა
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $16.6 მლნ/26,773 ტონა
- წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - $11.6/20,564 ტონა
2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $95.1 მილიონია. აქედან ექსპორტი - $11.8 მლნ, ხოლო იმპორტი - $83.3 მლნ.
ტურიზმი
ისრაელი
ისრაელიდან საქართველოში ვიზიტები მზარდია. 2024 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილს იკავებს. მას რუსეთი, თურქეთი და სომხეთი უსწრებენ. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 310 982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით აღემატება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 80 896 ვიზიტი დაფიქსირდა. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 46 789 იყო.
ირანი
2025 წლის პირველ კვარტალში ირანიდან 26 859 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდება, რაც ჩამოუვარდება გასული წლის შესაბამისი პერიოდის 28 811 ვიზიტს.
2024 წელს ირანიდან 145 670 ვიზიტი განხორციელდა, რაც მეტი იყო 2023 წლის 126 282 ვიზიტზე, თუმცა ჩამორჩება პანდემიამდელი პერიოდის რეკორდულ დონეს. შედარებისთვის, 2018 წელს ირანიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 291 ათასს ვიზიტს აჭარბებდა. 2019 წელს კი ეს რიცხვი 141 997 ვიზიტამდე შემცირდა.




























