ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ამბობს, რომ აქტიური მუშაობა გრძელდება, რათა ადგილობრივ ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ.
როგორც მინისტრის მოადგილემ BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე აქტიურია მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან და სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დასრულდება.
„ბაზრების ლიბერალიზაციის კუთხით აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ. უკვე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, რომელთანაც პირველი რაუნდი იანვარში გავმართეთ და დაგეგმილია შემდგომი რაუნდების აპრილ-მაისში გამართვა. ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის განმავლობაში დავასრულებთ და ეს იქნება 60-მილიონიანი, მაღალი მსყიდველობითი უნარით გამორჩეული ბაზარი, რომელზეც ჩვენს მეწარმეებს ექნებათ წვდომა. აღნიშნული შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას“,- ამბობს გენადი არველაძე.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა უნდა დაიწყოს, არველაძის განმარტებით, ისრაელია, სადაც საომარი მოქმედებების გამო მოლაპარაკებების დაწყება გადავადდა და სავარაუდოდ, მომდევნო წელს დაიწყება.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო მოლაპარაკებების გახსნას ელის ინდოეთთანაც.
„ისრაელთან მიზანშეწონილობის კვლევა დავასრულეთ, რომელმაც ძალიან დადებითი შედეგები აჩვენა. გასულ წელს მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებს გავხსნით. ისრაელში საომარი ვითარებიდან გამომდინარე, გადადება მოგვიწევს, 2024 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა უკვე მომავალ წელს მოგვიწევს გადადება. ვიმედოვნებთ, 2025 წელს ისრაელის მხარესთან მოლაპარაკებებს გავხსნით და ისიც იქნება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზარი ჩვენთვის.
კონსულტაციების ფარგლებში ვართ ინდოეთთან, სადაც ასევე მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია. შედეგები დადებითია და ველოდებით მოლაპარაკებების გახსნას“,- ამბობს არველაძე.
რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, არველაძის განმარტებით, კონსულტაციები ექსპერტულ დონეზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, პროცესის პროგრესზე ვერ ისაუბრებს, რადგან შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება აშშ-მა უნდა მიიღოს.
„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუდმივ რეჟიმში ვიმყოფებით კონსულტაციების ფარგლებში. მუშაობა გრძელდება, რომ მომზადდეს ფონი, სანამ უშუალოდ მოლაპარაკებებზე მივიღებთ მეორე მხრიდან თანხმობას“,- აღნიშნა გენადი არველაძემ.