მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი? - დავითაშვილის განმარტება

დაზღვევა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია მზადაა და ეკონომიკურ საბჭოს უახლოესი კვირების განმავლობაში წარედგინება. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

BMG დაინტერესდა, როდის ამოქმედდება კანონი, რომელსაც ბიზნესი რამდენიმე წელია ელის და ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, კანონპროექტის პირველადი ვერსია გადამუშავდა, რასაც ერთ წელზე მეტი დასჭირდა.

ზოგადად, სავალდებულო დაზღვევის კანონმდებლობა სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. სადაზღვევო სექტორი ხშირად აკეთებს ხოლმე აქცენტს, რომ დაზღვევის კულტურა გაიზარდოს სავალდებულოობის პრინციპის შემოღებით. მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ფუნდამენტური, საყოველთაოდ მიღებული, თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელებული სადაზღვევო პროდუქტია. თუმცა, ჩვენ კანონპროექტის პირველადი ვერსია მთლიანად გადავამუშავეთ, ამას თითქმის წელიწადი ან მეტი დასჭირდა, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუშა პროცესი თითქმის დავასრულეთ. ბევრი უწყების სხვადასხვა შენიშვნა არსებობდა. ძალიან დიდი როლი აქვს შსს-, არც ერთი კანონი ეფექტური არ იქნება, თუ აღსრულების შესაბამისი მექანიზმები წინასწარ არაა კარგად გათვალისწინებული. სექტორთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გვქონდა, რეგულარულად იყვნენ პროცესში ჩართულნი. ახლა არსებობს პროექტის გადამუშავებული ვერსია, რომელიც მზადაა, რომ წარვუდგინოთ ეკონომიკურ საბჭოს პირველ რიგში, როგორც ეს დაისვა ინვესტორთა საბჭოზე. პრემიერ-მინისტრმა მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად განიხილოს ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობამ. ამ კანონპროექტის წარდგენას უახლოეს ეკონომიკურ საბჭოს სხდომებზე, უახლოესი კვირების განმავლობაში ვაპირებთ, რომ დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. პარლამენტში კანონპროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები