„ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ სიონის წყალსაცავზე მოტივტივე მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. 3 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური პროექტირების ბოლო ეტაპზეა. როგორც გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში კომპანიის დირექტორმა, ნატა ჯაოშვილმა აღნიშნა, ინვესტიცია დაახლოებით 3 მლნ დოლარს შეადგენს. საპროექტო და წინასაპროექტო სამუშაოები დასრულებულია და განხილვის პროცესშია.
“იდეაზე მუშაობა, რომ მცურავი მზის ელექტროსადგური განგვეხორციელებინა, ორი წლის წინ დავიწყეთ. მალევე მივხვდით, რომ ეს ისეთი მარტივი არ არის, როგორც გვეგონა, გამომდინარე იქიდან, რომ ამის პრეცედენტი არ გვქონდა საქართველოში“, - განაცხადა ნატა ჯაოშვილმა. მისივე თქმით, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იქნეს ყველა ის რისკი, რაც კი შეიძლება წარმოიქმნას.
„სიონის წყალსაცავზე მოსახლეობა ბანაობს, ჩვენ არ გვინდოდა რომ ვინმესთვის აგვეკრძალა ბანაობა, პირიქით, სიონი არის ტურისტულად მიმზიდველი ლოკაცია და შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებოდა მის დაცვას. პირველ რიგში, სადგური უნდა განლაგდეს ისეთ ადგილას, სადაც მოსახლეობა ფიზიკურად ვერ მიცურავს. გვექნება 24-საათიანი მონიტორინგი, რათა თავიდან ავირიდოთ მოსახლეობისთვის ცურვის დროს ზიანი. ეს იქნება დამატებითი მექანიზმი, რათა სიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოება გაიზარდოს“, - განაცხადა ნატა ჯაოშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის ისეთი განახლებადი ენერგია, რომელსაც ფაქტობრივად, არანაირი უკუჩვენება არ აქვს“.
„ჯორჯიან დაინემიკ ფაუერის” დირექტორის თქმით, პროექტს აძვირებს ის, რომ სადგური წყალზე უნდა განთავსდეს.
„თუმცა, მისი მარგი კოეფიციენტი 18-25%-მდე უფრო მაღალია, ვინაიდან წყალი ბუნებრივად აგრილებს ამ სისტემას და მისი ხანგრძლივობაც უფრო მეტია. შეიძლება დღეს გაცილებით მეტ ინვესტიციას დებ, მაგრამ პარალელურად იცი, რომ მისი ხანგრძლივობა მეტია, ხოლო მავნებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განმარტა მან.
რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, როგორც ნატა ჯაოშვილმა აღნიშნა, კომპანია აუცილებლად გამართავს შეხვედრებს მათთან, რათა მათ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. „ეს არის ლეგოს ტიპის სტრუქტურა, ძალიან მარტივად შეიძლება რომ დაშალო და გადაიტანო სხვა ლოკაციაზე, თუ ვნახავთ, რომ ეს ვერ ერგება მოსახლეობას ან ადგილობრივ ინფრასტრუქტურას“, - დასძინა მან.
ნატა ჯაოშვილმა ტარიფების დადგენის მექანიზმზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პირდაპირი კონტრაქტირება წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მედიანური ტარიფი დაბალი. ჯაოშვილის მოსაზრებით, ენერგოპროექტებს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.
„ცოტა რთულია ეს ყველაფერი ერთ ჭრილში გაუშვა, ვინაიდან ზოგს მეტი დანახარჯი აქვს, ზოგს ნაკლები. თუმცა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას მოვერგოთ. ჩვენ მზის კატეგორიაში გავდივართ, 5.60 [ცენტი] საკმაოდ დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაცილებით მეტი ინვესტიციის ჩადება გვიწევს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ წუთას, ამ პროექტს ფინანსური მოგების კუთხით არ ვუყურებთ. ჩვენ ბევრი აქტიური პროექტი გვაქვს, სიონის მზის ელექტროსადგური კი არ არის ფულის საშოვნი მექანიზმი, ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, რომ ეს იყოს საქართველოში ერთი დიდი წარმატებული წყალზე განთავსებული ობიექტი, ვიმედოვნებთ, რომ სხვა კომპანიებიც აგვყვებიან და მაქსიმალურად ავითვისებთ წყლის ზედაპირებს“, - აღნიშნა მან.
ნატა ჯაოშვილს იმედი აქვს, რომ სიონის წყალსაცავზე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის მიწურულს დაიწყება. როგორც ის ამბობს, თავად მშენებლობის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, თუმცა იმ პროცედურებს, რაც მანამდეა გასავლელი, გარკვეული დრო სჭირდება.