სიონის წყალსაცავზე მზის პანელები მოეწყობა - ამის შესახებ საქმის კურსის ეთერში კომპანია „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“-ის დირექტორმა ნატა ჯაოშვილმა განაცხადა. როგორც ჯაოშვილი ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაპროექტო სამუშაოები, მისი თქმით, გეგმაშია 3 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურის მოწყობა.
ჯაოშვილი აცხადებს, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურას საქართველოში ანალოგი ჯერ არ აქვს და მისი მოწყობა ჩვეულებრივ მზის პანელებთან შედარებით, რომელიც მიწის ზედაპირზე თავსდება, ბევრად მარტივია.
კომპანიაში ამ ეტაპზე პროექტის საინვესტიციო ღირებულებაზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ წყალზე მზის ელექტროსადგურის მოწყობის შემთხვევაში 1 მეგავატის სიმძლავრის სადგურისთვის მილიონი დოლარია საჭირო. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ შესაბამისი ფინანსების მოძიების მიზნით ისინი უკვე მოლაპარაკებებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აწარმოებენ, ასევე მოლაპარაკების რეჟიმია აზიის განვითარების ბანკთანაც.
“საქართველოში იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ დამატებით მზის პანელების განსათავსებლად მიწები გამოვიყენოთ, რადგან ეს ძალიან დიდ ფართობს მოითხოვს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის რომ წყალი, რაც უხვად გვაქვს და თავისუფალია, მზის პანელების განთავსება მასზე მოვახერხოთ. მეორე მიზეზი, თუ ტექნიკური კუთხით შევხედავთ, წყალზე მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა 18-დან 25%-მდე უფრო ეფექტიანია, ვინაიდან წყალს აქვს სიგრილე და ეს პანელების ბუნებრივად გაგრილებას უზრუნველყოფს, რაც მარგ კოეფიციენტს ზრდის.
ასევე უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ აწარმოე საქართველოსთან. როგორც ცნობილია, ეს პანელები განთავსებულია პლასტმასის მცურავ ტივტივებზე, ვგეგმავთ, რომ პარალელურად წყალი გავასუფთაოთ პლასტმასისგან და ის საქართველოშივე გადავამუშაოთ. ვთანამშრომლობთ საქართველოს მელიორაციოსთანაც. სიონის წყალსაცავი არის მათ კუთვნილებაში და მათი ჩართულობა პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერის“ დირექტორი ნატა ჯაოშვილი.
კომპანიის დირექტორის თქმით, პროექტირების დასრულების შემდეგ საჭირო იქნება პერსონალის დატრენინგება. კომპანიის სურვილი პროცესებში რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაა. ნატა ჯაოშვილი ამბობს, რომ პროცესი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ჯამში მზის პანელების დამონტაჟებას 1 წელი დასჭირდება.