განათლების საკითხების მკვლევარი, სიკო ჯანაშია BM.GE-სთან სასკოლო ექსკურსიების ორგანიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში კარგი სიტუაცია არაც არასოდეს ყოფილა.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს სკოლის მოსწავლეებს შორის კვლევა ჩაატარეს, რომელშიც ქსელში ჩართული სკოლები იღებდნენ მონაწილეობას.
„კვლევის თანახმად, ბავშვებს სურვილი აქვთ ექსკურსიაზე მინიმუმ ორჯერ მაინც წავიდნენ. თუმცა გამოწვევაა ის, რომ ექსკურსიის დაორგანიზება ძვირი ჯდება. ამასთან, ექსკურსია შორ მანძილზე წასვლა და დიდი ხანი გზაში ყოფნა წარმოუდგენიათ, მაშინ როდესაც გამოკითხული ბავშვების თქმით, მათთვის ყველაზე საინტერესოა ლაშქრობებსა და პიკნიკებზე წასვლა.
მშობლები სოციალურ ქსელებში ექსკურსიების დაორგანიზების სერვისებზე გაზრდილ ფასებზე საუბრობენ, თუმცა კარგი სიტუაცია ამ კუთხით არასოდეს ყოფილა და ყოველთვის პრობლემატური იყო.
გაზრდილი ფასების გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი არსებობს. პირველ რიგში ეკონომიკურმა პრობლემებმა იმოქმედა. მეორე, რეგულაციები იყო, რადგან სახელმწიფო დიდი ხნის განმავლობაში მძღოლებს შორ მანძილზე ექსკურსიების მომსახურებას უკრძალავდა. მართალია, ეს რეგულაცია მოიხსნა, თუმცა გართულდა ნებართვის მიღება. მძღოლებს შემოწმებისა და ტექდათვალიერების ვალდებულება გაუჩნდათ, რაც კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული“,-აცხადებს ჯანაშია.
მისივე ცნობით, სკოლები ექსკურსიების ორგანიზებისთვის მთავარ გადასაადგილებელ ტრანსპორტად ავტობუსებს იყენებენ და არ იყენებენ ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა მაგალითად მატარებელი.
ჯანაშია ასევე საფრთხეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაუმართავი ავტობუსების მომსახურების რისკი ყოველთვის არსებობს, რასაც უბედური შემთხვევებიც ადასტურებს. შესაბამისად, მხოლოდ ტექდათვალიერება საკმარისი არ არის და საჭიროა სკოლები იმ ადამიანებს იცნობდნენ, ვისაც ბავშვების სიცოცხლეს ანდობენ.