მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ფასად დაისვენებთ წელს ურეკში?

62c3cfca73bb9
თათია ჩაფიჩაძე
09.07.22 14:05
3584
ურეკი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. წელს დაბა ურეკში ახალი ბულვარის მშენებლობა და ცენტრალური ქუჩების მოწყობითი სამუშაოები დასრულდა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 3.1 მლნ ლარი დაიხარჯა. სამუშაოები მოიცავდა ბულვარის ცენტრალური შესასვლელის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკის, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედნის, მცირე მოედნის, სველი წერტილების სრულ დემონტაჟს და ახლის მოწყობას. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თაყაიშვილის ქუჩასა და ბულვარის დამაკავშირებელ გასასვლელებს, მოეწყო მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი, ბავშვთა მოედანი და სივრცეები სპორტული აქტივობებისთვის. შარშან კი, ურეკში გადაიჭრა მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემის გადაწყვეტას ეხებოდა.

BMG დაინტერესდა, მაშინ როცა ქვეყანაში და განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში ტურისტების საკმაოდ მაღალი შემოდინებაა, ფასები გაზრდილია და დატვირთულობაც 2019 წლის ნიშნულს უბრუნდება, რა ხდება ურეკში - როგორც ირკვევა, დაბა ურეკში მდებარე სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი 30%-ს არ სცდება. რაც შეეხება ფასებს, დაბალ და საშუალო ბიუჯეტური სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასები მინიმალურად, 10%-ის ფარგლებში გაზარდეს.

სასტუმრო „ორბიტას“ მენეჯერი bm.ge-თან საუბრისას იმედოვნებს, რომ დამსვენებლების რიცხვი აგვისტოში, ადგილობრივი დამსვენებლების ხარჯზე გაიზრდება. „ორბიტაში“ პრობლემებს შორის ასახელებენ გადაადგილების საკითხს. როგორც ირკვევა, დღეს დაბალი აქტივობის გამო უშუალოდ ურეკის მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს.

„ჩემთან ფასები დაბალია,ორადგილიანი ნომრის ფასი საუზმის გარეშე 80 ლარია. შარშანდელ ფასებს თუ შევადარებთ, დაახლოებით, 10%-იანი ზრდა გვაქვს, რათა ხარჯი დაგვებალანსებინა, ხოლო გასულ 2 წელს თუ შევადარებთ არსებულ მდგომარეობას, წელს უფროა აქტიურობა - ამ ეტაპზე სასტუმრო 30%-ით არის დატვირთული. ველოდებით შემდეგ თვეს, რადგან ურეკი ძირითად ქართველების კურორტია და ისინი უმეტესად შვებულებას ივლისის ბოლოს, აგვისტოში იღებენ.

ბულვარის გაკეთება  წელს დასრულდა და კარგია, თუმცა დიდი პრობლემაა მგზავრობა. წარმოიდგინეთ სტუმარი ჩამოდის და თბილისში უკან ვერ ბრუნდება. უწევს 5 კმ-ის გავლა, რომ გზაზე გავიდეს და ბათუმის რეისს გაჰყვეს. მარტივი რომ იყოს გადაადგილება, ბევრად ხელსაყრელი იქნება აქ ჩამოსვლა და წასვლა. ველოდებით, რომ ორ კვირაში დაინიშნება ტრანსპორტი, თუმცა ახლა ყველა ამას კითხულობს, მატარებელი ყოველთვის გადატვირთულია, გვიწევს რომ გავიყვანოთ გზამდე ტაქსით, ან თავად გავიდნენ და ეს რთულია", - განაცხადა ანა კვირჩილაძემ.

წინა 2-წლიან პერიოდთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ სასტუმრო "ჯნს-ში", თუმცა მთავარი მოლოდინები ამ შემთხვევაშიც ივლის-აგვისტოზე და ქართველ დამსვენებლებზე მოდის, რომლებიც საერთო რაოდენობის ნახევარია. დანარჩენი 50% კი სომხებზე, აზერბაიჯანელებზე, ყაზახებსა და ებრაელებზე ნაწილდება.

სასტუმროს მენეჯერი ქეთი ხაბეიშვილი ამბობს, რომ წლევანდელ სეზონზე მათთან ერთი პერსონის განთავსება დილის საუზმით 40-50 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„წელს შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავდა ჯგუფები. ქართველები უფრო აგვისტოში ჩამოდიან. ფასებს რაც შეეხება 40-50 ლარია თითო პერსონა დილის საუზმით. ყაზახები ძალიან ეტანებიან ურეკს, ასევე ებრაელებიც. ევროპელები და ამერიკელები, იცით, როგორც შემოდიან - 2-3 დღით...", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დაბალ ბიუჯეტური სასტუმროებისგან განსხვავებით, მოთხოვნა შემცირებულია სასტუმრო „კოლხიდას“ შემთხვევაში. როგორც სასტუმროს მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, წინა 2 წლისგან განსხვავებით, როცა ავიამიმოსვლა შეზღუდული იყო, დატვირთულობა ადგილობრივი დამსვენებლების ხარჯზე იყო გაზრდილი, თუმცა წელს, როცა ფასები 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, მოთხოვნამ იკლო.

წლევანდელი სეზონისთვის სასტუმროში განთავსების ღირებულება სრული სერვისით 300-დან 400 ლარამდე მერყეობს. ჯავშნები კი უმეტესად ყაზახეთიდან, ბელარუსიიდან, სომხეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოდის.

რაც შეეხება კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას და დასრულებულ ბულვარს, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ კურორტზე “ცივილიზაციამ შეაღწია,” თუმცა კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება ქაოტური განაშენიანება და დარღვეული იერსახე. „კოლხიდაში“ ფიქრობენ, რომ კურორტის უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მისი სამკურნალო თვისებების შესწავლას უნდა მიაქციოს ყურადღება, ჩაატაროს შესაბამისი კვლევები, რაც სწორი პოზიციონირების პირობებში, დამსვენებლების რაოდენობას რამდენიმე ათეულჯერ გაზრდის.

„არ ვიცი რამდენი წელი ელოდა ურეკი ამ ბულვარს და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართულობის თვალსაზრისით ცივილიზაციამ, როგორც იქნა, ურეკში შემოაბიჯა. არის გარკვეული ხარვეზები და ეს ძირითადად მანქანების სადგომებს უკავშირდება; დაგეგმილი იყო და იმედია, მომავალი წლისთვის გაკეთდება ცალმხრივი გზა ანუ ერთი ქუჩით შემოსვლა და მეორეთი გასვლა და პარკირების საკითხიც ალბათ ამაზე იქნება მიბმული.

იმედი მაქვს, ეს არ არის ურეკის საბოლოო სახე და ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ქაოტურ განაშენიანებას ეხება, ეტაპობრივად და მეტ-ნაკლებად დაიძლევა. ეს ათწლეულების პრობლემაა და ამის მოგვარება ერთი ხელის მოსმით ვერ მოხერხდება, თუმცა ეს არსებითია, რადგან საქართველოს და მსოფლიოს ბევრი არ აქვს ურეკის ტიპის უნიკალური კურორტი, აქედან გამომდინარე, იერსახეც შესაბამისი უნდა იყოს.

სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება ურეკის სამკურნალო თვისებების შესწავლას, ეს მარტო ადგილობრივ ბიზნესს არ შეუძლია, თუმცა მონაწილეობისთვის მზად ვართ. ამას სჭირდება სამედიცინო კვლევების ჩატარება საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფების მონაწილეობით, რაც ამ კურორტის პერსპექტივას მინიმუმ გააათმაგებს და შეიძლება გააასმაგოს კიდეც. ურეკი არის კურორტი, რომელსაც მთელი წელი მუშაობის პოტენციალი აქვს.

ასევე, აქ გასართობი ინდუსტრია ნაკლებად არის წარმოდგენილი და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან რეკლამირება გასაზრდელია. ამდენად, წელს ურეკის დატვირთულობა რამით განსხვავებულია-მეთქი რომ გითხრათ, არაა ასე. ჩვენთან პირიქითაც კია, წელს დატვირთულობა შეუდარებლად მცირეა. კოვიდის დროს, როცა მოგზაურობა შეზღუდული იყო, ქართველი მომხმარებლისთვის ფასი იყო შემცირებული და მოთხოვნა გაზრდილი, თუმცა დღეს როცა დავუბრუნდით 2019 წელს არსებულ ფასებს, ეს აისახა მაჩვენებლებზე. დატვირთულობის თვალსაზრისით კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ჩვენთვის არის ის, რომ რუსეთის ბაზრისთვის არ ვაკეთებთ რეკლამას. ძირითად დამსვენებლებს, ჯავშნების მიხედვით, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან ველოდებით და იმედი გვაქვს, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაც გვეყოლებიან ტურისტები“, - განაცხადა ლაგაზიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები