PMCG-ის გენერალური დირექტორის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, "ძალიან რთულია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონეტარული მაჩვენებლით გაზომვა" , მაგრამ დარწმუნებულია, რომ არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ბევრ სხვა სფეროში საქართველოსთვის კარი ფართოდ გაიღება. რა ფასი აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და რა პირდაპირ და ირიბ სარგებელს მიიღებს ქვეყანა - ამ თემაზე ლექსო ალექსიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში ისაუბრა.
- კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ორი სახის დადებითი ეფექტი გააჩნია, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში მივიღებთ. პირველი - ეს არის საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის ქვეყნისთვის პირდაპირი ხასიათის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ბევრ სხვა სფეროში საქართველოსთვის კარი ფართოდ გაიღება.
მეორე არის არაპირდაპირი ეფექტი, რადგან სტატუსი თავისთავად ნიშნავს სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში შესვლას, რაც ბევრი ინვესტორის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესს გაზრდის; სტატუსი არის სიგნალი, რომ საქართველო მათთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახდება ანუ ევროპასთან დაახლოებული და იმ წესებით მოთამაშე ქვეყნის იმიჯის მატარებელი.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული; მაგალითად, რამდენად სწრაფად მოვახდენთ ამ პროცესებში ადაპტაციას და შევასრულებთ იმ პირობებს, რასაც ევროპული სტრუქტურები გვიყენებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, შევძლოთ იმ პროგრამების ათვისება, რომლებზეც წვდომას სწორედ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ითვალისწინებს.
ჩვენ უნდა შევძლოთ, იმ შესაძლებლობების ათვისება, რომელიც ევროპასთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია; მაგალითად, ჯერ კიდევ სრულად ვერ ვიყენებთ იმ პოტენციალს, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის და ქართული პროდუქციისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ შექმნა.
- რამდენიმე დღის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ მთავრობა კანდიდატი ქვეყნისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით, ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტს ამზადებს, რომელიც ჯერჯერობით, საჯარო არაა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს გეგმა, მათ შორის, შემუშავების პროცესში, სხვადასხვა მხარისთვის, მათ შორის მედიისთვის, ანალიტიკოსებისთვის თუ ოპოზიციისთვის ღია იყოს?
- ვფიქრობ, ამ პროცესში ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და არ მოხდება მომავალი წლების განმავლობაში. ამ პროცესში კრიტიკულია როგორც ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის; მაგალითად, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ჩვენ გვინდოდა, ევროპელებზე მეტი ევროპელები გავმხდარიყავით და ცდუნება იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტად გამოვხატოთ რეგულირების სურვილი იმაზე მეტად, ვიდრე ევროპის ქვეყნებშია, ეს თავისთავად არაა სწორი და არ იქნება ეფექტიანი და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს პროცესს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში ყველა მხარე, მათ შორის ბიზნესასოციაციებიც იყოს ჩართული და აქტიური დისკუსიები მიმდინარეობდეს.
- მოკლედ, საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის მაქსიმალურად ვივაჭროთ, ხომ?
- დიახ, ვაჭრობა სულაც არაა ცუდი სიტყვა, უბრალოდ, საქმე იმაში არის, რომ ვაჭრობის ორი მხარე არ არსებობს; არსებობს მხოლოდ საქართველო და მისი ინტერესები. იმის კვალობაზე და ფონზე, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ეკონომიკა და სამეწარმეო უნარებია, სჯობს, ეტაპობრივი იყოს ყველა იმ აუცილებელი ნორმის შემოტანა ქვეყანაში, რომელიც უნდა დაინერგოს. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ვერანაირ ირაციონალურს მთავრობის მხრიდან დღემდე ამ საკითხებთან დაკავშირებით... მოზომილია.
- მთავრობას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდოდა?
- ცალსახად.
- ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ განცხადებებს თუ ქმედებებს, რომელიც გვესმოდა. მაგალითად, "რუსული კანონის" მიღების მცდელობა, რომელიც ევროკავშირთან ნამდვილად არ გვაახლოებდა...
- მე არ მომწონდა "რუსული კანონი" და ამაზე აზრი დავაფიქსირეთ კიდეც. მგონია, რომ ხელს არ უწყობდა, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს იმის საპირწონე იყო, რომ ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიგვეღო. მგონია, ეს იყო სხვა პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასევე შეცდომა იყო. ვფიქრობ, მსჯელობა იმაზე, რომ ვიღაცას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ უნდოდა, ძალიან არასწორია.
- ფაქტია, მთავრობამ შედეგი შეიფერა. კარგია, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს, თუმცა მთავარია რეფორმები - როგორ ფიქრობთ, მთავრობას ეყოფა პოლიტიკური ნება და გამბედაობა საჭირო, მაგრამ მტკივნეული რეფორმების გასატარებლად?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, პროცესები სწორია; მაგალითისთვის გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამა შეჩერებული გვაქვს, ამ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა პირობას, რომელიც მასშია ასახული, მთავრობა ითვალისწინებს და ახორციელებს, რაც თავისთავად სიგნალია, რომ ის მიჰყვება ამ შეთანხმებას. ახლა ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არჩევნებია და იმედია, სათანადო დონეზე ჩატარდება ანუ ისე, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას შეეფერება.
აქვე გაგაცნობთ, 9 დათქმას, რომელთან ერთადაც საქართველოსთვის EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა:
1) ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [საგარეო] ჩარევასთან ბრძოლა;
2) ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
3) პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
4) თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
5) საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
6) ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
7) ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
8) დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
9) ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
ამ ცხრა დათქმის გარდა, დოკუმენტში საუბარია კიდევ სხვა საკითხებზეც, რომლებიც საქართველომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის უნდა შეასრულოს. ეს არის მწვანე ეკონომიკა; კლიმატის პოლიტიკა; გენდერული თანასწორობა; სოფლის მეურნეობის პოლიტიკა; საგარეო ურთიერთობები და სხვა საკითხები, რომლებიც ევროკავშირისთვის არის მნიშვნელოვანი.