ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის 17 ივნისს განხორციელებული სატელეფონო ზარის დეტალები მედიისთვის გასაჯაროვდა.
როგორც გაირკვა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბარი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მშვიდობის დამყარება საკუთარ დამსახურებად გამოაცხადა და ამ მიღწევისთვის ინდოელ კოლეგას ნობელის პრემიაზე წარდგენა სთხოვა.
მოდიმ ამერიკის პრეზიდენტს უთხრა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მშვიდობა თავად ორი ქვეყნის უშუალო მოლაპარაკებებით დამყარდა და ტრამპს ამაში დამსახურება არ მიუძღოდა. შესაბამისად, არც ნობელის მშვიდობის პრემიაზე ტრამპის წარდგენის თხოვნა იყო გამართლებული.
ტრამპსა და მოდის შორის ურთიერთობა სწორედ სატელეფონო ზარის შემდეგ დაიძაბა. ამერიკის მმართველმა ჯერ გააფრთხილა ინდოეთის ხელისუფლება, შემდეგ კი რუსული ფასდაკლებული ნავთობით ვაჭრობის მოტივით ქვეყანას ტარიფები 50%-მდე გაუზარდა. ოფიციალურმა ნიუ დელიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას ჰიპოკრიტიც კი უწოდა. საბოლოოდ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები სრულად გაიყინა და დიპლომატიური ურთიერთობები საგრძნობლად დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 ივნისის შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი აღარ შემდგარა. ნარენდრა მოდიმ კოლეგასთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადა და დასძინა, რომ პოზიციას იქამდე არ შეიცვლის, ვიდრე ტრამპი ნაბიჯს უკან არ გადადგამს.




























