ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიის „ალალის“ დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, მომხმარებლების უდიდესი ნაწილი იმდენადაა კონცენტრირებულ წვენებზე მიჩვეული, რომ ნატურალური წვენების მიღება უჭირთ. ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი, ქსელურ მარკეტებში არსებულ მაღალ გადასახადებზეც საუბრობს, რომელიც ბიზნეს გარემოს აუარესებს.
„მომხმარებლების უდიდესი ნაწილი იმდენადაა იმპორტირებულ, კონცენტრირებულ წვენებზე დაჩვეული, რომ ნატურალური წვენის მიღება უჭირს. ბაზარზე კი ძალიან ცოტაა ისეთი წვენები, რომლებიც ნატურალურია. ჩვენი პროდუქცია ხილისგანაა გამოწურული და ნატურალური წვენია, რომელიც შედარებით ბლანტი და მძიმე დასალევია.
მეორე გამოწვევა ისაა, რომ ქსელურ მარკეტებში ძალიან დიდი გადასახადებია. შესაბამისად, ქართველი მეწარმეებისთვის ბიზნესის საწარმოებლად ძალიან არასახარბიელო გარემოა და ადგილობრივი წარმოებები ძალიან რთულ სიტუაციაში არიან.
წარმოიდგინეთ, დახლზე ფასი რაც დევს, მესამედსაც არ გვიხდიან. 10 ლარიდან, მხოლოდ სამი ლარია ჩვენი. მართალია ახლა რამდენიმე მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტში ვართ წარმოდგენილი, როგორიცაა „ფრესკო“, „აგროჰაბი“, „ნიკორა“, „გუდვილი“. გვაქვს შანსები, რომ კიდევ გავზარდოთ სარეალიზაციო არეალი, მაგრამ ვფიქრობთ, ღირს თუ არა საერთოდ შესვლა,“- აცხადებს ღვინეფაძე.
კომპანიის დამფუძნებელი ასევე საკადრო პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადამიანების 70% 2 წელზე მეტხანს ერთსა და იმავე სამსახურში არ ჩერდებიან, რასაც შესაბამისი სტატისტიკაც ცხადყოფს.
„კადრებს ვამზადებთ, ენერგიას ვხარჯავთ, რესურსს და შემდეგ სამსახურიდან მიდიან. მათი დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გარბის. მართალია ვერ შეედრება ევროპულ ხელფასებს საქართველოში არსებული ხელფასები და მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ის, რასაც ხელფასებს ვუხდით, იმის ადეკვატურ შრომის ნაყოფიერებას ვერ ვიღებთ, ანუ შესრულებული სამუშაოს ხარისხიც დაბალია,“-აღნიშნავს „ალალის“ დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ალალი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და კახეთში, თელავში მდებარეობს. საწარმოში 27 სახის პროდუქცია იწარმოება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება. ამ ეტაპზე, საწარმოში 20-25 ადამიანამდეა დასაქმებული. ხოლო ნედლეულის მოძიება, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში არსებული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ხდება.