„ალალის“ დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ როცა ქვეყანა ევროკავშირთან ასე ახლოს არის და მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, ამ კანონის მიღება მიუღებელი მგონია. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში ისაუბრა.
“[რუსული]კანონის შინაარსში არ შევდივარ, შესაბამისი კომპეტენცია არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ბოლო 30 წელია ქვეყანა ცდილობს შევიდეთ ევროკავშირში, ყველანი ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ შენი პარტნიორი, ევროკავშირის ელჩები, აშშ, ყველა გეუბნება, რომ ეს კანონი არ მიიღო, მაშინ ასეც უნდა მოიქცე.
როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან და ევროკავშირში შესასვლელად, როცა უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, უადგილო მგონია დღეს ამ კანონის მიღება.
მე ერთ რამეს ვიტყვი, ჩვენ მტერ-მოყვარე არ გაგვირკვევია. შეიძლება ამ კანონს ამდენი აჟიოტაჟი არ გამოეწვია, თუ იქნებოდა ჩამოთვლილი ქვეყნები, ან იქნებოდა მითითება, ვის მიმართ მოქმედებს ეს კანონი. როდესაც ყველას, მოყვარესაც და მტერსაც ერთი საზომით უყურებ, უკვე ეს კანონი იწვევს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს“, - თქვა ბიზნესმენმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "რუსულ კანონს" გუშინ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.
ცნობისთვის, კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.