ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ალალი“, კახეთში, თელავში მდებარეობს და 27 სახის პროდუქტს აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BM.GE-სთან აცხადებს, შარშანდელი წელი, მათთვის ძალიან აქტიური იყო.
მისი თქმით, შარშან არაერთ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის კატარში, აშშ-ში, აზერბაიჯანსა და გერმანიაში, ასევე საუდის არაბეთში.
„გამოფენების შედეგად, აზერბაიჯანთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საუდის არაბეთთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული, ხოლო შეკვეთა უკვე გამოგზავნილია. ამასთან, ამერიკაშიც ერთ შტატში საექსპორტო აქტივობები უკვე მიმდინარეობს და წელს, მეორე მიმართულებითაც იგეგმება გატანა, რაზედაც ამ ეტაპზე, ლოგისტიკური საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობს. წელს, მინიმუმ 2-3 საექსპორტო ბაზარს დავამატებთ,“- განაცხადა ღვინეფაძემ.
მისივე ცნობით, წელს ჰორეკა სექტორში შესვლაც იგეგმება, რისთვისაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია როგორც თელავის, ასევე თბილისის სასტუმროებთან.
ინფორმაციისთვის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ალალი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და კახეთში, თელავში მდებარეობს. საწარმოში 27 სახის პროდუქცია იწარმოება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება. ამ ეტაპზე, საწარმოში 20-25 ადამიანამდეა დასაქმებული. ხოლო ნედლეულის მოძიება, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში არსებული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ხდება.