მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვს IT სპეციალისტების ბაზარს საქართველოში?

62c65a5e902b6
BM.GE
02.07.22 10:54
1306
საქართველოში IT სპეციალისტებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოთხოვნის ზრდაზე დღეს უკრაინაში მიმდინარე ომიც მოქმედებს, რადგანაც არაერთი IT კომპანია, რომელიც ბელარუსის, უკრაინის და რუსეთის ბაზარზე ოპერირებდა, დღეს ოფისების საქართველოში გადმოტანაზე მუშაობს. მათ გარდა, საქართველოში შემოდიან დასავლური კომპანიებიც, რომლებიც წარსულში აუთსორს მომსახურებას ასევე რუსეთიდან და ბელარუსიდან იღებდნენ.

თბილისში გამართული ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ IT სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარება და ქვეყანაში ამ მხრივ არსებული გამოწვევები იყო. BMG-ის გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში პრობლემის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო დღეს უკვე გამოჩნდა გლობალური აუთსორსის ბაზრის რუკაზე, თუმცა კადრების სიმცირე კვლავ წამყვან ბარიერად რჩება. დავით კიზირიას შეფასებით, საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან ამ მიმართულებით პროგრამების რაოდენობის გაზრდის მზაობა შესამჩნევია.

“საქართველო გამოჩნდა გლობალური აუთსორსინგის რუკაზე და ის საინტერესო ხდება ამ მიმართულებით მომუშავე ბევრი ინვესტორისთვის.

გლობალურად არის IT კადრების ნაკლებობა, საქართველოში ეს ისედაც შეინიშნებოდა და დღეს კიდევ უფრო გართულდა, იმიტომ რომ საგადასახადო შეღავათების შედეგად, უამრავმა აუთსორსერმა კომპანიამ გამოიხედა საქართველოსკენ და ხდება ამ კადრების წაყვანა, რასაც პოზიტივი აქვს.

თუმცა, მინდა ვთქვა, რომ აუთსორსინგი ეს არ ნიშნავს, რომ იმავდროულად რადგან კარგი აუთსორსერია, მაგალითად უკრაინა ან ბელარუსი რომ ავიღოთ, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ქმნი პროდუქტს. აუთსორსერები შეიძლება არიან ძალიან კარგები რაღაც დეტალის შექმნაში და ეს დეტალი შეიძლება ძალიან დიდიც იყოს და დიდი პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდეს, მაგრამ კიდევ სხვა არის უნარი პროდუქტის შექმნის.

რომ არა უკრაინაში დაწყებული ომი, ეს პრობლემა მაინც არსებობდა, თუმცა უფრო გამწვავდა. დღეს მოთხოვნა არის სტაბილური და ეს მოახდენს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სტიმულირებას. ანალოგიური შეიძლება ითქვას იმ ქვეყნებზე, სადაც აუთსორსინგი იყო ძალიან განვითარებული და მათ შორის უკრაინაშიც. ასევე მყარი იყო არაფორმალური განათლება და მისი არხები,

ეს არხები საქართველოშიც ჩამოყალიბდა. როდესაც მცდელობა იყო ქვეყანაში უკრაინული ან ბელარუსული კომპანიების შემოსვლის რამდენიმე წლის წინ მათაც იგივე დასკვნები გააკეთეს, რომ იმ მომენტში არ იყო სტაბილური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც შესაბამისი რაოდენობის კადრებს მოამზადებდა. თუმცა, ახლა ვფიქრობ რომ მიწოდება გაიზრდება და საგანმანათლებლო პროგრამები განვითარდება. აქაც ორ ჯგუფად შეიძლება გავყოთ კვალიფიკაციების მხრივ, ერთია განათლება, რომელიც სისტემურ ცოდნას აწვდის, ხოლო მეორეა უფრო მეტად გადამზადების მსგავსი და კონკრეტულ ამოცანაზე მორგება.

გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მიმართულებით არის საკმაოდ საინტერესო მცდელობა პროფესიული უნარების სააგენტოს შექმნის გზით, რომელიც ორიენტირებულია, რომ სტანდარტები შემუშავდეს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან და არა ჩინოვნიკების მხრიდან. დღესაც გვაქვს შეხვედრა და მრგვალი მაგიდა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი და ICT კლასტერი ატარებს. დღეს არის შეხვედრა სწორედ თემაზე ციფრული ტრანსფორმაცია და ადამიანური კაპიტალი, სადაც სწორედ პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, IT სფეროში მომუშავე რამდენიმე დარგობრივი ბიზნესასოციაცია და კლასტერი ვაწერთ ხელს და მიზანი არის უნარების ფორმირების ეკოსისტემის ხელშეწყობა ქვემოდან ზევით. ეს საკმაოდ შრომატევადია და ეს არ არის მაგალითად კონვეიერის აწყობა, რადგან შესაბამისი კადრების და შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება ძალიან რთულია, რადგანაც დინამიურად ცვლადია ტექნოლოგიები. ჩვენ თუ გავთვლით, ახლა სადაც მდებარეობს ქართული IT მოთხოვნა, ამაზე თუ გავთვლით მიწოდებას, ეს უკვე ხვალ გუშინდელი მიწოდება იქნება. ამიტომ ესეც ცალკე პრობლემაა,”- განაცხადა დავით კიზირიამ.



"წინამდებარე პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაწეული დახმარების შედეგად"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები