საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი, დავით კიზირია მიიჩნევს, რომ სვანეთში უკონტროლო მაინინგის საკითხის გადაჭრა მარტივია და სისტემურ მიდგომას მოითხოვს.
როგორც მან BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, უფასო ელექტროენერგიის პირობებში ცხადია არსებობს მაინინგით ფულის შოვნის მოტივაცია და ის ფაქტი, რომ საკითხი წლებია არ გვარდება, აჩენს ეჭვებს, გარკვეული პირების სარგებელთან დაკავშირებით.
“მოტივაცია, რომ უფასოდ იშოვო ფული, ბუნებრივია, არსებობს. თუ გაქვს ნაკლები დანახარჯი და მეტი შემოსავალი, ეს ბიზნესი გრძელდება, ხელს თუ არავინ გიშლის. ზოგადად, იმაში ცუდი არაფერია, რომ ადამიანებმა აითვისეს ტექნოლოგიები და მათი გამოყენებით თავიანთ შემოსავალს ზრდიან.
პრობლემური საკითხია, ეს რამდენად სამართლიანია, ხომ არ ხდება სხვის ხარჯზე. თუ ელექტროენერგიის გამოყენება და სარგებლის მიღება დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე ხდება, ესაა პრობლემა. რომ დავთვალოთ, მესტია იყენებს 12 სხვა მუნიციპალიტეტის ოდენობის ელექტროენერგიას და ამაში არ იხდის.
თუ ვიღაცას ამ პრობლემის მოგვარება უნდა, უბრალოდ გაუგებარია, რატომ ვერ აგვარებს. შეიძლება გაცილებით რთულია სხვა ეკონომიკური საქმიანობის კონტროლი, მაგრამ ამის კონტროლი ძალიან მარტივია. ეს ხომ ელექტროენერგიაა, იცი ვისთან, რა წერტილში მიდის. ამდენი ხნის განმავლობაში რომ არ გვარდება, უკვე სასაცილოა და აჩენს ეჭვს, რომ ამ ყველაფრისგან ვიღაცებს სარგებელი აქვთ”,- ამბობს დავით კიზირია.
მისი თქმით, გამოსავალი გამრიცხველიანებაა და ასევე შესაძლებელია, რომ ეს შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს და მაინინგის მიმართულებით ხელშეწყობის სურვილის შემთხვევაში, მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილის საფასური სახელმწიფომ დაფაროს.
“მოგვარება ძალიან მარტივია. ისევე როგორც სხვა რეგიონებში მოხდა, ელემენტარულად შეიძლება მოხდეს გამრიცხველიანება, რაც მისცემს საშუალებას, რომ აღირიცხოს ეს ყველაფერი. ამის გაკეთება ისე შეიძლება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საერთოდ არ გააღიზიანო. მაგალითად, თუ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს, რომ ეს მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, შეუძლია თავისი ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი ვაუჩერები ამ მიმართულებით ან იგივე ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი თანხების ნაწილი ამ ვაუჩერში წავიდეს. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების რაღაც ლიმიტი იქნება, რომელიც ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება, დანარჩენს კი თავად გადაიხდიან. მნიშვნელოვანია სწორი, სისტემური მიდგომა”,- აცხადებს დავით კიზირია.
ცნობისთვის, სვანეთში მოსახლეობის მიერ მოხმარებული დენის საფასურის გადახდა არ ხდება. უფასო ელექტროენერგიამ კი კრიპტო მაინინგი წაახალისა. მაინინგის გამო კი, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რომელსაც ქსელი ვერ უძლებს, წლებია გამოწვევად რჩება. 12 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში თქვეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდეს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. კომპანიაში BM.GE-სთან აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.