მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშეა საქართველოში ელექტრონული კომერცია?

6453dda0ec8a7
თელარა გელანტია
04.05.23 22:00
1057
საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებლის და გამგეობის თავმჯდომარის მაია ხელაძის შეფასებით, ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აწყობილი ლოგისტიკური სისტემების არარსებობაა.

ამის შესახებ მაია ხელაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ხშირად მსმენია მსხვილი ელექტრონული კომერციის კომპანიებისაგან, რომ სანამ ჩვენი მაღაზია არ გაეშვებოდა, საქართველოში საერთოდ არ იყო ელექტრონული კომერცია და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არაა სიმართლე. ელექტრონული კომერცია ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ ის უფრო მეტად სარგებლიანი და მოხმარებადი იქნებოდა, თუ ონლაინვაჭრობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - 1. ტექნოლოგიური პლატფორმა; 2. ლოგისტიკა; 3. ციფრული მარკეტინგი; 4. საფასო პოლიტიკა; 5. იურიდიული და საგადასახადო საკითხები; 6. გადახდები;7. აღრიცხვა და ანგარიშგება; 8. კიბერუსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა - გამართულად იმუშავებდა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი დროს არ დაკარგავდა ფიზიკურად მაღაზიაში წასვლით და პროდუქტს ვებმაღაზიაში შეიძენდა.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არ გვაქვს აწყობილი ლოგისტიკური სისტემები, რომლებიც სასაწყობე მეურნეობების ავტომატიზაციას განაპირობებდა. ელექტრონული კომერციით დაკავებული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ტექნოლოგიური კომპონენტის გამართვა“, - განაცხადა მაია ხელაძემ, რომელიც ამ გამოწვევის დაძლევის გზას ბაზარზე შუამავალი კომპანიების შემოსვლაში ხედავს.

„ელექტრონულ კომერციაში ეს ნიშა ღიაა ანუ ჩვენი სურვილია, ამ ბიზნესში შემოვიდნენ შუალედური კომპანიები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მზა ვებგვერდების აწყობით დაკავდებიან და წვრილ მერჩანტებს (სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტი, რომელიც სარგებლობს პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ელექტრონული კომერციის მომსახურებით) ონლაინ კომერციაში ჩართვისთვის საჭირო პროცესებს მოუგვარებენ. ამით, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს მიაწვდიან ტექნოლოგიურ პროდუქტს მისაღები პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, მსხვილი ბიზნეს მოთამაშეებისთვის - საფინანსო სექტორისთვის, ლოგისტიკის სექტორისთვის, დაზღვევის სექტორისთვის გახდებიან გარანტორები კვალიფიციური, უწყვეტი, რისკები დაბალანსებული, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი სავაჭრო ბრუნვის აგრეგირებისთვის“, - აღნიშნა ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელმა.

მაია ხელაძემ ასევე ისაუბრა ექსპორტისთვის ხელისშემშლელ ბარიერებზეც. მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლოგისტიკაა.

„გლობალურ ბაზრებზე გასვლა ლოგისტიკური გამოწვევების სწრაფად გადალახვას მოითხოვს. საცალო გაყიდვებით საერთაშორისო საფოსტო გზავნილების დაფინანსება არარენტაბელურია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ პროდუქციის ევროპულ, ამერიკულ და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე გაყიდვა. პრობლემის საწყის ეტაპზე სწრაფად გადასალახად, შესაძლებელია განხილულ იყოს ევროპულ სავაჭრო პლატფორმებზე ქართული ბიზნესებისთვის ადგილის გამოყოფა და ევროკავშირის ტერიტორიაზე პროდუქციის დასაწყობება-ლოგისტიკა. საფოსტო გზავნილების კომპანიებთან თანამშრომლობა საერთაშორისო გადაზიდვების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, როგორც სამთავრობო გუნდის, ისე საშუამავლო ბიზნესსუბიექტების სამოქმედო გეგმა უნდა იყოს იმპორტ-ექსპორტის ბალანსის ეკონომიკური ზრდის სასარგებლოდ გადასახრელად“, - აღნიშნა მან.

გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მაია ხელაძემ „საქართველოს ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტიც შეაფასა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

„ვერ ვიტყვი, რომ ახალი კანონი ბიზნესს დამატებით ტვირთად არ დააწვება. ის ბიძგს მისცემს იმას, რომ გამყიდველების მხრიდან კეთილსინდისიერების ინდექსი ამაღლდეს, რათა მომხმარებელს მეტი სანდოობა გაუჩნდეს, რადგან მთავარი ელექტრონულ კომერციაში ნდობაა. ვისურვებდით, რომ ეს ბიძგი უფრო ეფექტიანი იყოს და ამ კანონის მიღებას აუცილებლად მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მაია ხელაძის თქმითვე, მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულების პროცესი.

„კანონის აღსრულება ისე უნდა მოხდეს, რომ არა მხოლოდ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე იყოს აქცენტი, არამედ - ონლაინ კომერციით დაკავებული ბიზნესსუბიექტების დაცვაზეც, რათა მათ გაყიდვების ონლაინ წარმოება მოუნდეთ, რადგან ჩვენ შეიძლება ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო მივიღოთ, როცა დავიცავთ მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი გამყიდველებისგან, მაგრამ თუ იმდენ რეგულაციას ჩავდებთ გამყიდველების მხარეს, რომ მათ ვერ შეძლონ გაყიდვების ონლაინ წარმოება, ამით ბარიერებს შევუქმნით“, - თქვა ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელმა.

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა და მისი მიღება ასოცირების შესახებ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაწილია. კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ასევე საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებას, რაც დამატებით დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სავაჭრო იმიჯზე და ასევე, მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოსალოდნელ შედეგებში ასევე უწერიათ, ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები