რა ახდენს ლარის კურსზე გავლენას, მიზეზებსა და მოლოდინებზე ეკონომისტი აკაკი ცომაია BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში საუბრობს. მისი თქმით, სავალუტო ბაზარზე საკმაოდ მერყევი ტენდენციები შეინიშნება. როგორც ეკონომისტი განმარტავს, ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი იყო საგარეო მოთხოვნის ზრდა, კერძოდ კი, რუსეთის ბევრი მოქალაქის საქართველოში შემოსვლა, - "მათ ძალიან დიდი მოთხოვნა შექმნეს. დაიწყეს ბიზნესების დარეგისტრირება და ქართულ ეკონომიკაში ჩადეს უცხოური ვალუტა", - განმარტავს აკაკი ცომაია და დასძენს, რომ ამას ემატებოდა მოლოდინის ეფექტიც, - "როცა ხედავ, რომ ვალუტა მყარდება, იწყებ დანაზოგების კონვერტირებას ლარში. ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ლარს".
ეკონომისტი კიდევ ერთ ფაქტორზე საუბრობს:
"გარდა ამისა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობდა მყარი ლარის შენარჩუნებას, თუმცა მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი უკვე ჩამოვა 5%-მდე, ფაქტობრივად გაირკვა, რომ საგარეო მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ფაქტორები უკვე ვეღარ ახდენს ისეთ გავლენას ეკონომიკაზე და ეკონომიკა ბრუნდება თავის პოტენციურ ნიშნულზე, ხოლო ინფლაციური წნეხი ეკონომიკაზე უკვე არის დაბალი, დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. ეს პირველ რიგში აისახება საფინანსო ბაზარზე, რადგან პროცენტის შემცირება ავტომატურად უბიძგებს ინვესტორებს, რომ დანაზოგები შეინახონ არა ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში, რადგან მათ უჩნდებათ მოლოდინი, რომ მომავალში ლარი გაუფასურდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლარი მისი წონასწორობის ნიშნულთან იყო უფრო მეტად გამყარებული, ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ახლა უნდა წამოვიდეს უკან“.
კითხვაზე, რა არის ის ნიშნული, სადაც შეიძლება ლარი გაჩერდეს, ეკონომისტი პასუხობს, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
„ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ეს იყო 3-ის ნიშნულის დიაპაზონში და ალბათ ეს არის სავარაუდო ნიშნული. იმ ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც აქვს გაცხადებული ეროვნულ ბანკს, დოლარიზაციის შემცირება, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება და ა.შ“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 3.09 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5879 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 2.66 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7825 ლარი გახდა.