მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამყარდა ლარი? - ეკონომისტის შეფასება

ლარი

„[ლარის]გამყარება-გაუფასურება არის შედეგი იმისა, რომ სავალუტო ბაზარზე ხან იზრდება მოთხოვნა, ხან იზრდება ვალუტის მიწოდება“, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა. ის ფიქრობს, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარის კურსის[5 თეთრით] გამყარება ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება.

როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, მაკროეკონომიკური პარამეტრები კურსის გრძელვადიანი გამყარების მოლოდინებს არ აჩენს. ცომაია ელის, რომ წლის ბოლოსთვის კურსი უფრო მეტად გაუფასურებული იქნება.

„შეუძლებელია ყოველ გაუფასურებაზე ან გამყარებაზე რაიმე მიზეზის პოვნა, რომელიც მართლა იწვევს ამ პროცესს. უნდა შევხედოთ გრძელვადიან ტრენდს, თუ რა ხდება. გამყარება-გაუფასურება არის შედეგი იმისა, რომ სავალუტო ბაზარზე ხან იზრდება მოთხოვნა, ხან იზრდება ვალუტის მიწოდება. უცებ შესაძლებელია აღმოჩნდეს ჭარბი ადამიანების ან ფირმების ჯგუფი, რომელთაც უნდათ უცხოური ვალუტის შესყიდვა, მაგრამ უცხოური ვალუტის შემოდინებამ ვერ უზრუნველყოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რამაც გამოიწვიოს ლარის გაუფასურება.

როგორც ჩანს, იყო ტენდენცია იმის, რომ ლარის დეპოზიტების კონვერტირება ხდებოდა უცხოურ ვალუტაში. ამ დღეებში შესაძლებელია გაჩნდა წყარო ექსპორტიდან ან სხვა არხებიდან, რამაც გაიზარდა სავალუტო შემოდინება, შინამეურნეობებს, ექსპორტიორებს დასჭირდათ ლარი იმისათვის, რომ განეხორციელებინათ სხვადასხვა ტრანზაქციები, შეიქნა ლარზე მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ლარის გამყარება. ეს არის ყოველდღიური პროცესი.

თუ შევხედავთ გრძელვადიან სურათს, ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსკენ უფრო მეტად უნდა გვქონდეს თანდათანობითი (თუ სხვა რაღაც არ მოხდა) გაუფასურების ტენდენცია. მიმდინარე ტურისტულ სეზონზე რასაც ვკითხულობ თუნდაც თქვენი ვებგვერდიდან, შემაშფოთებელია ჯავშნების გაუქმება. ეს მაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ევროპიდან გვექნება კლება და ღირებულებით მაჩვენებლებში ეს არ არის პატარა სიდიდე. აქედან გამომდინარე, მე არ ველი, რომ ამ სფეროდან მაღალი სავალუტო შემოდინებები გვექნება. უცხოური გზავნილებიც აღარ იზრდება ისე, როგორც ეს წინა პერიოდებში იზრდებოდა. არ მაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი მაკროეკონომიკური გარემო იქნება რომ ამან ხელი შეუწყობს ლარის გამყარებას“, - განაცხადა ცომაიამ.

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5,54 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ოფიციალური ღირებულება 2.80 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 თეთრზე ცოტა მეტით გამყარდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც. დღეისთვის ოფიციალური კურსი 3.01 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები